ხელისუფლების თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'11 / 16:12

ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც წინა კვირას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, საქართველოს მოქალაქე არ არის, განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 11 ოქტომბერს.

სპეციალურ განცხადებაში, სააგენტო აღნიშნავს, რომ „ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“ – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს  საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღო ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა და ამის შედეგად როდის დაკარგა მან საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა“.

ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის უარს áƒáƒ›áƒ‘ობს "ორმაგ მოქალაქეობაზე" და უახლოეს დღეებში ჩააბარებს როგორც რუსეთის, ისე საფრანგეთის პასპორტებს. 

თავის პოლიტიკურ ამოცანებზე მან განაცხადა, რომ გეგმაში აქვს პარტიის შექმნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების "აბსოლუტური უმრავლესობით“ მოსაგებად, რის შემდეგაც პრემიერ–მინისტრობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას არ აპირებს. მისი თქმით, რუსეთთან კავშირებზე სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, 5.5 მლრდ აშშ დოლარად შეფასებული მისი აქტივების იმ მესამედს, რომელიც რუსეთში აქვს განთავსებული, 2012 წლის არჩევნების დაწყებამდე áƒ’აყიდის.

საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის შექმნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. პარტიას ასევე ეკრძალება ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირისაგან.

მოქალაქეობა აუცილებელი პირობაა ასევე ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობისთვის, მათ შორის პარლამენტის წევრად კენჭისყრისთვის. დეპუტატად აირჩევა კანდიდატი,  რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და უკანასკნელი 2 წელი ცხოვრობს საქართველოში.

2004 წლიდან საქართველოს კონსტიტუცია უფლებას აძლევს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო ამ საკითხების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ, ნათქვამია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში.

კანონმდებლობის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეოების საკითხზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება (უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულება) შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

Civil.Ge © 2001-2024