ივანიშვილი: ‘მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Oct.'11 / 14:54
  • ასახელებს „ფსევდოოპოზიციურ“ პარტიებს და გამორიცხავს მათთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლად მიიჩნევს რესპუბლიკელებთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობას;
  • მერაბიშვილი ‘კარგი მენეჯერია’ და ‘ბევრი დადებითი თვისებები’ აქვს;
  • მიმართავს მერაბიშვილს: „ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს. თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი“.

ბიძინა ივანიშვილის ფოტო სატელევიზიო კადრიდან.

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ თავის მორიგ áƒ¬áƒ”რილობით განცხადებაში, ხაზს უსვამს, რომ ის „აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში“ და მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც მოიხსენიებს, როგორც „ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას“, ურჩიოს პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგეს და თუ ის ამ რჩევას არ გაიზიარებს, მაშინ თავად დატოვოს მინისტრის პოსტი.

ივანიშვილი ასევე ასახელებს იმ შვიდ „ფსევდოოპოზიციურ“ პარტიას, ვისთანაც თანამშრომლობას გამორიცხავს და ზოგიერთს მათაც, ვისთან თანამშრომლობაზეც მზადყოფნას გამოთქვამს. 

“რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში... მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას. რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!“, – აცხადებს ივანიშვილი.

„მე ყველას ვუწვდი ხელს სათანამშრომლოდ, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ სანამ გავერთიანდებოდეთ, ყველას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას, ყველა უნდა წარვდგეთ ერთმანეთის წინაშე არა ნიღბით, არამედ ჩვენი ნამდვილი სახით“, – ამბობს ის.

‘ფსევდოოპოზიცია’

ივანიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ ის ვერ ითანამშრომლებს იმ „ფსევდოოპოზიციურ“ პარტიებთან, რომლებიც „ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ“.

ის ამ პარტიების ჩამონათვალში ასახელებს: გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ პარტიას წარმოადგენს; შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტებს; დავით გამყრელიძის ახალ მემარჯვენეებს; ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიას; ქართულ პარტიას; გია თორთლაძის დემოკრატიულ პარტიას და პაატა დავითაიას ევროპელ დემოკრატებს.

მისი თქმით, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა „უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს“ დაწყებული აჭარის ყოფილ ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით და გაგრძელებული აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის მიმართ „ჩადენილი ღალატით“.

“ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა“, – აცხადებს ივანიშვილი.

მან სხვა „ფსევდოოპოზიციური“ პარტიების ლიდერებიც დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, „ხელისუფლების დაკვეთას“ ასრულებენ. მაგრამ „ქართული პარტიის“ ლიდერის დასახელებისას მან პარტიის თავმჯდომარის სოზარ სუბარის ნაცვლად, მოიხსენია პოლიტიკური მდივანი, ეროსი კიწმარიშვილი – სააკაშვილის ყოფილი ახლო მოკავშირე და ყოფილი ელჩი რუსეთში. კიწმარიშვილის მიერ დაარსებული კომპანია ამჟამად ტელეკომპანია „მაესტროს“ მართავს.

განცხადებაში ივანიშვილმა სოზარ სუბარი, რომელსაც, მისი თქმით, „ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული“, ცალკე ახსენა. áƒ›áƒáƒœ განაცხადა, რომ დასანანია, რომ სუბარი ქართულ პარტიაში აღმოჩნდა და დასძინა: „თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები“.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის უარს ამბობს „ფსევდოოპოზიციური“ პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობაზე, თუმცა არა „ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“.

რესპუბლიკური პარტია და "თავისუფალი დემოკრატები"

ივანიშვილმა ორი ოპოზიციური პარტია  – რესპუბლიკელები და ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები, რომელთა ლიდერებიც შესაბამისად არიან დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია, დააკონკრეტა იმ პარტიებს შორის, რომლებთანაც იგი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

რესპუბლიკური პარტიის შექებასთან ერთად, რომელიც ივანიშვილმა დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით“, მან ასევე გაიხსენა რამოდენიმე რესპუბლიკელის „ძალზე აგრესიული კომენტარები“, მათ შორის ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის სრული სია იმ პარტიების, რომლებთან თანამშრომლობასაც „აპირებს“. „უახლოეს ხანებში დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს და ჩვენი მომავალი პარტნიორების სიაც უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება“, – დასძინა მან.

მერაბიშვილი – ‘კარგი მენეჯერი’

განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პერსონალურ მიმართვას შინაგან საქმეთა მინისტრის, გავლენიანი ფიგურის, ვანო მერაბიშვილისადმი. ივანიშვილი აცხადებს, რომ „ვანოს“ იცნობს, როგორც „კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას“.

“მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ“.

"მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას“, – აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, დაახლოებით, 18 თვით ადრე სააკაშვილმა „დიდი ხვეწნის შემდეგ დამიყოლია“, რომ შემდგარიყო შეხვედრა მაშინ დეპუტატ გიგა ბოკერიასთან, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივანია, რათა „მისთვის გადამეფიქრებინა“ ცხინვალის რეგიონზე კონტროლის ძალით აღდგენაზე ქვეყნისთვის „ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება“.

“ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ... ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე შეახსენა მერაბიშვილს: “მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით“.

ივანიშვილის განცხადებით, მას ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე შეხვდა სააკაშვილი და უთხრა, რომ მერაბიშვილის თანამდებობიდან გაშვებას აპირებდა. „მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი. სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!“– აცხადებს ივანიშვილი, „სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ... ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს. ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს“.

“თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად“, – მიმართავს ივანიშვილი შს მინისტრს.

კიდევ ერთ პერსონალურ მიმართვაში მერაბიშვილისადმი, ივანიშვილი ამბობს, რომ მან ისიც, რომ „მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ“ იმით „თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ“. მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ პერიოდულად არწმუნებდა ხელისუფლების მიერ მის ორგანიზაციაში „დავერბოვკებულ აგენტს“, რომ არასოდეს áƒ¬áƒáƒ•áƒ˜áƒ“ოდა პოლიტიკაში. მან სამი წლის წინ გადაბირებულ „აგენტად“ მისი „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი დაასახელა, რომელმაც „ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს“.

თავის განცხადებაში ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მას არ აქვს „აგრესიული განწყობა“ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ, რადგან „ისინი ერთხელ გაკეთებული მცდარი არჩევანის მძევლები არიან“ და „რომელიმე მათგანმა თავისი პოლიტიკური მრწამსი და პოზიცია რომ შეიცვალოს, არ გამოვრიცხავ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც“.

“მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად“, – განაცხადა მან. 

Civil.Ge © 2001-2024