კუბლაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დასრულებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Oct.'11 / 17:42

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.

თუმცა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება ამ ეტაპისთვის არ იძებნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, რომელიც წარმოადგენს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას და მოიცავს ყველა ნორმატიულ აქტს.

საქართველოს მოქალაქეობის არ ქონა მილიარდელ ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილს ხელს უშლის მის გეგმებში პოლიტიკაში მოსვლის მიზნით დააფუძნოს პარტია ან დააფინანსოს ის, ანდა კენჭი იყაროს პარლამენტში. 

სამოქალაქო რეესტრმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ როდის დაიწყო საქმის წარმოება ან როდის შევიდა მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში.

თუმცა ამავე განცხადებაში, თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, მოგვიანებით გაჩნდა ჩანაწერი, რომ  „7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ დღეისთვის იგი საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეა“.

რეესტრის განცხადების შესწორებული ვარიანტიდან ირკვევა, რომ სამოქალაქო რეესტრმა საქმის წარმოება 7 ოქტომბერს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო – ამ განცხადებაში ივანიშვილი ყვებოდა პოლიტიკაში მოსვლის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების „აბსოლუტური უმრავლესობით“ მოგების, პრემიერ–მინისტრად ან პარლამენტის თავმჯდომარედ გახდომის გეგმებზე. ამავე განცხადებაში მან თქვა რომ რუსულ და ფრანგულ პასპორტებს უახლოეს დღეებში ჩააბარებს.

კუბლაშვილის განცხადებით, სწორედ მისი ეს განცხადება გახდა საფუძველი, რომ სამოქალაქო რეესტრს საქმის წარმოება დაეწყო, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს. მისი ინფორმაციით, საქმის წარმოების პროცესში ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობა დადასტურდა და ამის გამო შეუწყდა მას საქართველოს მოქალაქეობა.

“მთავარი ამ საქმეზე არის სამართლებრივი შეფასება. პოლიტიკურ ნაწილი არ არის რელევანტური“, – განუცხადა კუბლაშვილმა Civil.ge-ს და დასძინა, რომ „კანონი ყველასთვის არის ერთი და იგივე“. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების საკითხი უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ის წინასწარ ვერ გააკეთებს კომენტარებს იმასთან დაკავშირებით „რა მოცემულობები იქნება“ და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სააკაშვილი.

ამ პროცედურას კანონის თანახმად მაქსიმუმ 3 თვე სჭირდება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

“ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024