პარტიების რეაქციები ივანიშვილის პოზიციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Oct.'11 / 19:25

ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია თანამშრომლობაზე ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას დადებითად გამოეხმაურნენ მაშინ, როდესაც ზოგიერთმა იმ პარტიამ, რომლებიც áƒ›áƒ˜áƒšáƒ˜áƒáƒ áƒ“ელმა ქველმოქმედმა „ფსევდოოპოზიციად“ მოიხსენია, მის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

ირაკლი ალასანიას პრესსამსახურმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, სადაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

“საუბრის დროს განხილულ ყველა საკითხზე ხედვებში სრული თანხვედრა დაფიქსირდა,“– აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“ და დასძენენ, რომ „უმოკლეს დროში გაგრძელდება კონსულტაციები პარტნიორობის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად“.

რესპუბლიკური პარტია, რომლის ზოგიერთი წარმომადგენლის „აგრესიულ კომენტარებს“ ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, áƒ—ავის განცხადებაში აღნიშნავს:  „მზად ვართ საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე კონსულტაციებისთვის, რის შემდეგაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს თანმშრომლობის კონკრეტული კონტურები“.

განცხადებაში რესპუბლიკელები ასევე აღიარებენ, რომ წარსულში არასახარბიელო პარტნიორული პოლიტიური გამოცდილებით იყო განპირობებული „ჩვენი სიფრთხილენარევი ოპტიმიზმი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის საწყის ეტაპზე“.

აქვე რესპუბლიკური პარტია, მხედველობაში აქვს რა დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის ირგვლივ არსებული ვითარება, მოუწოდებს „მიხეილ სააკაშვილს და მის მმართველ გუნდს, შეწყვიტონ პოლიტიკურ კონკურენტებთან უღირსი მეთოდებით ბრძოლა და ქართველ ხალხს მისცენ საშუალება თავისუფალი არჩევანის გზით განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის მომავალი“.

ბიძინა ივანიშვილმა თანამშრომლობის სურვილი ამ ეტაპზე კონკრეტულად მხოლოდ ამ ორ პარტიასთან გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი და „მომავალი პარტნიორების  სია უფრო დაზუსტდება და დაკონკრეტდება“.

მან  მხოლოდ ის „ფსევდოოპოზიციური“ პარტიები ჩამოთვალა კონკრეტულად, რომლებთან თანამშრომლობასაც გამორიცხავს. კერძოდ, გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტები; დავით გამყრელიძის ახალ მემარჯვენეები; ეროვნულ–დემოკრატიულ პარტია; ქართული პარტია; გია თორთლაძის დემოკრატიულ პარტია და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები.

გიორგი თარგამაძის შეფასებით, რომლის კომენტარიც ერთ–ერთი ყველაზე მწვავე იყო, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებას „ბინძური ხერხებით მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით“ ცდილობს, რის გამოც, მისი თქმით, ის მოლოდინები, რომელიც ივანიშვილის მიმართ არსებობდა, „ასე უცბად, ასე სამარცხვინოდ აორთქლდა და გაქრა“.

ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი სახე და ამჟამად დეპუტატი თარგამაძე აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის და  „იმედის“ ყოფილი მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის მიმართ „ჩადენილ ღალატში“ დაადანაშაულა, რის საფასურადაც, ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მას „პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა“.

“რაც შეეხება მის კონკრეტულ ცილისწამებას და ბრალდებებს, ბატონი ივანიშვილის ადგილზე მე ძალიან მოვერიდებოდი ბადრი პატარკაციშვილის სახელისა და გვარის ნებისმიერ კონტექსტში ხსენებას, რადგან სწორედ ბატონი ივანიშვილი იყო ის კაცი, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ საბრძოლველად, ტელეიმედის ჩასაძირად და ბადრი პატარკაციშვილის გასანადგურებლად. მე მხედველობაში მაქვს პოლიტიკური თუ სხვა მეთოდებით“, – განუცხადა გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილთან, რომლის პოლიტიკური „სტარტის საკმაოდ სუსტი და წარუმატებელი იყო“, მისი პარტია თანამშრომლობას არ გეგმავდა.

„ჩვენი პოზიციები ნამდვილად დაემთხვა ერთმანეთს“, – განაცხადა გამყრელიძემ, „მან იმის ნაცვლად, რომ  გამაერთიანებლის, შემრიგებლის პოზიცია დაეკავებინა და საზოგადოების კონსოლიდაცია მოეხდინა, ძალიან სერიოზული დაპირისპირების მუხტი შემოიტანა... კარგა ხანია ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობს [ივანიშვილი] და ვერ გათვალა რა სჭირდება და რა დაკვეთაა დღეს საზოგადოებაში“.

ლეიბორისტების განცხადებით, ივანიშვილის განცხადებები განპირობებულია მათ მიმართ „დაგროვილი ბოღმით და ძველი ანგარიშებით“, რომელიც გააჩნია შალვა ნათელაშვილის მიმართ.

„ჩვენ მას ვთავაზობთ პირდაპირ დებატებს ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს, სადაც გაირკვევა წლების მანძილზე ვინ თამაშობდა ხელისუფლების თამაშს, ვინ აძლიერებდა მას ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა საშუალებებით. გაირკვევა ასევე ვინ ებრძოდა წლების მანძილზე ამ რეჟიმს“, – განაცხადა დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გუგავამ, რომელიც პარლამენტის საქმიანობას არჩევის დღიდან თანაპარტიელებთან ერთად ბოიკოტს უცხადებს, თუმცა არა გასამრჯელოზე უარის თქმით. 

ივანიშვილმა იმ ოპოზიციურ ლიდერებს შორის, ვისთან თანამშრომლობასაც არ აპირებს, დაასახელა ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი და არა მისი თავმჯდომარე სოზარ სუბარი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც "გულწრფელად" მიესალმა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას. 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ივანიშვილმა შეაქო რა სუბარი სახალხო დამცველის პოსტზე გაკეთებული "ბევრი კარგი საქმის" გამო, განაცხადა, რომ დასანანია მისი ქართულ პარტიაში ყოფნა.

„თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ის უარს ამბობს „ფსევდოოპოზიციური“ პარტიების ლიდერებთან თანამშრომლობაზე, თუმცა არა „ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“.

ქართული პარტიის სახელით გავრცელებულ მოკლე განცხადებაში სოზარ სუბარმა საპასუხოდ განაცხადა: „ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი მზად არის ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს ქართული პარტიის სახელით".

Civil.Ge © 2001-2024