სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'11 / 11:41

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა საჯაროდ áƒ’ანაცხადა 7 ოქტომბერს, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ოთხშაბათს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში.

მისი თქმით, ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება „შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე - კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ“.

„სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა", - ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში.

სამოქალაქო რეესტრმა პირველად 11 ოქტომბერს განაცხადა იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა – რის შედეგადაც მას აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის შექმნის და დაფინანსების უფლება. რეესტრის თქმით, ამგვარი ქმედება მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა, რომლის თანახმადაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს. თუმცა, რეესტრის თავდაპირველ განცხადებაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ როდის დაიწყო საქმის წარმოება.

იმავდროულად, ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა 12 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში, რომ ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა და მას ამ დრომდე არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.

„ხელისუფლება ვალდებულია ნაცვლად პოლიტიკური ანგარიშსწორების დაუშვებელი მეთოდების გამოყენებისა, მოიხმოს გონიერება და ნუ დააყენებს საკუთარ სურვილს კანონზე მაღლა. ჩვენ ვითხოვთ მკაფიო და კონკრეტულ განმარტებას და ამავდროულად სამართლებრივი აქტის ჩაბარებას, რის საფუძველზე და რა სამართლებრივი ფორმით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ არ არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე“, – ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.

7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი აპირებს უარი თქვას საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე.

„ჩემი კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში. იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეობის გაუქმებას პრეზიდენტის ბრძანებულება სჭირდება. თუმცა, 12 ოქტომბრისთვის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ამგვარი ბრვერ მოიძებნა.  

კანონის თანახმად, მოქალაქეობის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს.

12 ოქტომბრის განცხადებაში გიორგი ვაშაძემ მიუთითა, რომ ივანიშვილის შემთხვევაში რაიმე გამონაკლისი ვერ გაკეთდებოდა და მისი მოქალაქეობა მაშინვე უნდა გაუქმებულიყო, როგორც კი ხელისუფლებამ შეიტყო, რომ მან საფრანგეთის პასპორტი მიიღო, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ.

„საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი, ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი, ან მათი ოჯახის წევრები“, – განაცხადა ვაშაძემ.

Forbes-ის მსოფლიო მილიარდერთა სიაში ივანიშვილის შესახებ არსებულ ინფორმაციაში, რომელიც 2011 წლის მარტითაა დათარიღებული, ნათქვამია: „შარშან მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც დაემატა მის რუსულ და ქართულ პასპორტებს“.

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, სახელმწიფომ განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიანიჭოს თუ არა განცხადებელს მოქალაქეობა. ამავე კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის ივნისის განკარგულების თანახმად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა "სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე" მიანიჭა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცნობილ ქართველებთან ერთად. 

საქართველოს კონსტიტუცია უფლებას აძლევს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

 

Civil.Ge © 2001-2025