ივანიშვილი უარყოფს კონსულტაციებს ოქრუაშვილთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'11 / 16:47

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს რაიმე ტიპის კონსულტაციებს ქართული პარტიის ერთ–ერთ ლიდერთან ირაკლი ოქრუაშვილთან.

მისი პრესსამსახურის განცხადებით, ამგვარი კონსულტაციების თაობაზე საინფორმაციო საშუალებებით ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „მცდარია“.

“ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, არანაირი მოლაპარაკება „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებთან და მით უფრო ირაკლი ოქრუაშვილთან არ მიმდინარეობს და არც იგეგმება“, – განაცხადა ივანიშვილის პრესმდივანმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ქართული პარტია იმ შვიდ პოლიტიკურ გაერთიანებას შორის დაასახელა, რომელთან პოლიტიკურ თანამშრომლობასაც გამორიცხავს და ეროსი კიწმარიშვილი გააკრიტიკა, როგორც „ფსევდოოპოზიციონერი“, რომელიც „ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს“.

ერთადერთი ლიდერი ქართული პარტიიდან, რომელსაც ივანიშვილმა თანამშრომლობა შესთავაზა, სოზარ სუბარი იყო. თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა თავის წერილობით განცხადებაში, რომ იგი მზად არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ქართული პარტიის სახელით.

Civil.Ge © 2001-2024