ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Oct.'11 / 13:26

 

საქართველოს შესაძლებელია ჰქონდეს ისეთი კომპრომისული როლი, რომელიც „ხელსაყრელი იქნება აშშ–სა და ევროპისთვის და მისაღები – áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თისთვის“, განაცხადა მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა „როიტერთან“ ინტერვიუში, რომელიც 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მათ შორის სატელევიზიო ფრაგმენტების სახით.

„ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ რუსეთთან ინტერესების თანხვედრას, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ,“– განაცხადა მან.

ივანიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს წლებში მსოფლიოს ისევ ვლადიმერ პუტინთან ექნება საქმე, რადგან რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი 2012 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებზე კვლავ პრეზიდენტად დაბრუნებას აპირებს. 

"მე არ მაქვს არჩევანი. არჩევანს აკეთებს რუსი ხალხი. ვისაც აირჩევს რუსი ხალხი, მე იძულებული ვიქნები, მასთან დავჯდე მაგიდაზე და მასთან შევეცადო დავალაგო ურთიერთობა. დიდი ალბათობით, მე გეთანხმებით, რომ ეს იქნება პუტინი", – განუცხადა მან "როიტერს".  

“რუსებს მოსწონთ ეს კაცი და ეს მათი საქმეა. თუმცაღა, რა თქმა უნდა, ევროპისთვისაც, ამერიკისთვისაც, ცივილიზებული სამყაროსთვის უფრო დემოკრატიული რუსეთი იქნებოდა საინტერესო“, – განაცხადა ივანიშვილმა და პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებას დაუკავშირა კორუფციასთან ბრძოლისათვის რუსეთში მომწიფებული რეფორმების მოლოდინები.

მან საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის უმეტესობის მსგავსად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ „გაუგონარ აგრესიაში“ დაადანაშაულა, თუმცა პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე თბილისის „გაუაზრებელ და არადიპლომატიურ“ პოლიტიკასაც დააკისრა.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ივანიშვილი წერდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, დაახლოებით, 18 თვით ადრე გადააფიქრებინა საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონზე კონტროლის ძალით აღდგენის ქვეყნისთვის „ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება“. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნით, მაშინ მან ამ გეგმაზე ხელი ააღებინა იმჟამინდელ დეპუტატს მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიას, რომელიც ახლა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია.

„როიტერთან“ ინტერვიუში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია რეალიზაციის მიზნით მისი იმ აქტივების შეფასების პროცესი, რომელსაც რუსეთში ფლობს და რომელიც მისი 5.5. მლრდ დოლარად შეფასებული ქონების მესამედს შეადგენს, რათა ეს ფული ჩადოს საქართველოს ეკონომიკაში. დაახლოებით, ექვსი წლის წინ მან საქართველოში თავისი აქტივები გაყიდა და მხოლოდ „ქართუ ბანკი“ დაიტოვა.

„გასაგებია, რომ იქ [რუსეთში] არავინ არ დამზოგავს და მე ალბათ მინიმალურ ფასებში მომიწევს იქ ყველაფრის გაყიდვა... მაგრამ აუცილებლად რეალიზაციას გავუკეთებ ყველაფერს“, – განაცხადა მან.

7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი აღნიშნავდა: „იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს“.

ამ განცხადების შინაარსის გაცნობის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმის გამო, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მან საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. მოქალაქეობის საკითხს, რომელიც მას პოლიტიკური პარტიის დაარსების, დაფინანსების და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას უკარგავს, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ილუზია არ მაქვს ჩვენი სასამართლოს [შესახებ], მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა“, – განაცხადა მან ინტერვიუში, "ამავდროულად, არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი, რომელიც დავიწყე და როგორი გეგმებიც მქონდა ისევე გავყვები და განვახორციელებ და მივაღწევ იმას, რასაც ვგეგმავდი ჩემს გუნდთან ერთად“. 

„შედეგი ერთი იქნება – არჩევნებს, რომელსაც ისინი  [ხელისუფლება] აპირებენ, რომ ამ გზით – ჩემი გათიშვის გზით ჩაატარონ... და ვთქვათ, თეორიულად დავუშვათ და ასეთი არჩევნები შედგეს, რა თქმა უნდა, ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება“, – აღნიშნა მან.

ინტერვიუში ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ხელისუფლებაში დარჩენა მას შემდეგ, რაც მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება 2013 წელს, მაგრამ „ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“.

მან ისევ გაიმეორა, რომ ბოლო მომენტამდე áƒ§áƒáƒ§áƒ›áƒáƒœáƒáƒ‘და პოლიტიკაში წასვლაზე, „მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გამყარდება, ხოლო მათი [ხელისუფლების] პოზიციები – დასუსტდება“.

“ძალიან დიდი ალბათობით, თუ გაინტერესებთ, 90% მინიმუმ ალბათობით მე ვაცნობიერებ, რომ ჩვენ მოვალთ აბსოლუტური უმრავლესობით პარლამენტში“, – განაცხადა მან.

თუმცა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ ეს იქნება უშუალოდ მისი პარტია თუ შეიქმნება ბლოკი „ჯანსაღ ოპოზიციურ“ ძალებთან, რომლებთანაც ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. 

"მე ვაპირებ ძალების გაერთიანებას, შემოკრებას... და მე მგონი, რომ ამას მოვახერხებ  – ერთად დავდგეთ", – განაცხადა მან.

12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა ის შვიდი, მისი თქმით, „ფსევდოოპოზიციური“ პარტია, რომლებთან თანამშრომლობაც პარტიულ ფორმატში გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს „პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“, მათ შორის მმართველი ნაციონალური მოძრაობიდანაც.

"შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში. ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია, რომ ევროპელებსაც კი გაუჩნდეს სურვილი ინვესტიციების ჩადების საქართველოში, არათუ იმ ქართველებს, რომლებიც გადახვეწილნი არიან დღეს საქართველოდან... და მე იმედი მაქვს, რომ ისინი დაბრუნდებიან და პირველი ინვესტიციები იქიდან წამოვა", – განაცხადა მან და დასძინა, რომ áƒáƒžáƒ˜áƒ áƒ”ბს შექმნას „უნიკალური“ გარემო ინვესტიციებისთვის.

ივანიშვილმა, რომელსაც ერთადერთი ინტერვიუ 2005 წელს ჰქონდა მიცემული გაზეთ "ვედომოსტისთვის", áƒ›áƒáƒ¡ შემდეგ, რაც ოქტომბრის პირველ დეკადაში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, პირველი ინტერვიუ ქართულ ენაზე „როიტერს“ 14 ოქტომბერს მისცა. 

მან "როიტერის" კორესპონდენტებს თბილისში თავის რეზიდენციაში უმასპინძლა – მთაწმინდაზე არსებულ ბიზნეს–ცენტრში, რომელიც იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა და რომლის მშენებლობაც 50 მლნ აშშ დოლარი დაჯდა. ოფისის კედლებზე გამოფენილია დეიმიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნამუშევრები, ხოლო მის ეზოში ზაჰა ჰადიდის, ანიშ კაპურისა და ჰენრი მურის მიერ შექმნილი სკულპტურები დგას, იტყობინება „როიტერი“.


 

Civil.Ge © 2001-2024