პოლიციამ ივანიშვილის ბანკის კუთვნილი „დიდი ოდენობით“ ნაღდი ფული ამოიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'11 / 10:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 18 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის „ბანკის ქართუს“ კუთვნილი „დიდი ოდენობით“ ნაღდი ფული ამოიღეს.

ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 ოქტომბერს დღის 17 საათზე "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისიდან გამოსული „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა პოლიციამ გააჩერა, როდესაც მას „დიდი ოდენობით“ თანხა გადაჰქონდა. მათ დააკავეს „ბანკი ქართუს“  6 თანამშრომელი, მათ შორის ოთხი მოლარე ქალბატონი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა.

ამ განცხადების გამოქვეყნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ–გვერდზე გაავრცელა მოკლე ცნობა, რომ ფულის გათეთრების მოტივით დაკავებული იყო რამდენიმე პირი, რომლებსაც "თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული".

განცხადებაში სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

ივანიშვილის პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ ეს „ძალადობრივი აქტი“ იყო პირდაპირი თავდასხმა "ბანკ ქართუზე“, რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. „ჩვენ მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული  ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას და "ბანკი ქართუს" მიტაცებული ქონების დაბრუნებას“.

მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და „რუსთავი 2“–მა განაცხადეს შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ დაკავებულები დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ ინციდენტამდე, ივანიშვილის პრესსამსახურმა 18 ოქტომბერს ასევე გაავრცელა ინფორმაცია ბიზნესმენის შვილის, ბერას მეგობრის, ლევან მდინარაძის, იგივე  „დი-ჯეი რემბო“–ს დაკავების თაობაზე. ამავე ცნობით, მდინარაძე ბერას მუსიკალური კლიპის „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა.

პრესსამსახური ივანიშვილის პოლიტიკური განცხადების „პირველ მსხვერპლად“, საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ასახელებს, რომელიც 11 ოქტომბერს იქნა დაკავებული.

„ხელისუფლების მხრიდან უმიზეზო ბრალდების ორი ცნობილი ბინძური მეთოდი არსებობს: უკანონო იარაღის ტარება და ნარკოტიკების მოხმარება-გავრცელება. ასაკიდან გამომდინარე თამაზ თამაზაშვილის დაკავება „იარაღის უკანონო ტარების“ გამო მოხდა, ხოლო ლევან მდინარაძეს ნარკოტიკების ბრალდება „მიუსადაგეს“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024