ალასანია გმობს ‘ყაჩაღურ თავდასხმას’ ივანიშვილის ბანკის ინკასაციის მანქანაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'11 / 10:52

პოლიციის მიერ ქველმოქმედი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ კუთვნილი ნაღდი ფულის ჩამორთმევა „ყაჩაღური თავდასხმა“ იყო, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტის ეშინია, განაცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.     

„ის, რომ ხელისუფლება დღეს არის პრაქტიკულად შეშინებული, ეს გამოვლინდა თუნდაც იმით, რომ დღეს მოხდა ყაჩაღური თავდასხმა ქართუ ბანკის ინკასაციის მანქანაზე“, – განაცხადა ალასანიამ. 

18 ოქტომბერს საღამოს საქართველოს ბანკის სათაო ოფისიდან გამოსული „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა პოლიციამ გააჩერა, როდესაც მას „დიდი ოდენობით“ თანხა გადაჰქონდა. მათ დააკავეს „ბანკი ქართუს“  6 თანამშრომელი და წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მოკლე განცხადებაში, რომ რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ „დიდი ოდენობით ნაღდი ფული“, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე განცხადებაში საუბარი არ არის.

„ეს არის სასოწარკვეთილი, შეშინებული ხელისუფალის გადაწყვეტილება; ეს არის გამოვლინება სახელისუფლებო ექსტრემიზმის“, – განუცხადა ალასანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა, ალასანია უკვე ორჯერ შეხვდა მას.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ხელისუფლების კამპანიის ნაწილი იყო, რომ ოპონენტი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოეშორებინათ. მისი თქმით, იგი ყველა ამ საკითხს 19 ოქტომბერს აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე დააყენებს. ეს უკანასკნელი თბილისს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართულ პოლიტიკაში; მისი თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში წასვლის შესახებ „ძალიან გაბედული ნაბიჯია“ და მას „სანდო პარტნიორი“ უწოდა.    

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილთან ყველა ძირითად საკითხზე პოზიციების „სრული თანხვედრა აქვს“, მათ შორის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაა ის, რომ საქართველო გახდეს „ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.   

Civil.Ge © 2001-2024