ივანიშვილი: ‘საქართველოს 20% ოკუპირებულია დღეს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'11 / 11:20

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, „იძულებული ვიქნებით დავიწყოთ“ ურთიერთობების დალაგება მოსკოვთან.

ამის შესახებ პოლიტიკაში წასულმა მილიარდერმა ბიზნესმენმა 14 ოქტომბერს „როიტერისთვის“ ქართულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის მეორე ფრაგმენტიც 18 ოქტომბერს გავრცელდა. მისი ამ პირველი სატელევიზიო ინტერვიუს პირველი მონაკვეთი 17 ოქტომბერს გახდა ხელმისაწვდომი.

“მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებების შემდეგ კიდევ უფრო დიდი გაუაზრებელი ქმედება დახვდა რუსეთის მხრიდან, საშინელი აგრესია გამოამჟღავნა რუსეთმა აგვისტოს მოვლენების დროს და პრაქტიკულად საქართველოს 20% ოკუპირებულია დღეს “, – განაცხადა ივანიშვილმა ინტერვიუში. 

"მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ გავიქცევით და იძულებული ვიქნებით დავიწყოთ [ურთიერთობების] დალაგება რუსეთთან, რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ შესატყვის პოზიციას დაიჭერს ამერიკა და ევროპა", – აღნიშნა მან.

ივანიშვილის თქმით, საქართველომ უნდა მოახერხოს და იპოვოს თავისი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში.

“ამისთვის მე უკვე დავიწყე მუშაობა საქართველოში არსებულ ექსპერტთა ჯგუფებთან არა მარტო უსაფრთხოების საკითხში, მთლიანად საქართველოს მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და მათთან ერთად მე მივაღწევ მოვძებნოთ ოპტიმალური გზა საქართველოს განვითარების, მათ რიცხვში გლობალურ პოლიტიკაში, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის და ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024