ეროვნული ბანკი ივანიშვილის ‘ბანკ ქართუს’ ამოწმებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'11 / 16:09

"ბანკი ქართუს" ცენტრალური ოფისი თბილისში. ბანკში 300–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე „მნიშვნელოვან“ ფაქტს შეისწავლის.

ეროვნული ბანკის წერილობითი განცხადება ბევრ დეტალს არ შეიცავს, თუმცა იმ ორ ფაქტს ასახელებს, რომლითაც ბანკის გადაწყვეტილებაა მოტივირებული – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წამოყენებული ბრალდება და „ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობის შეცვლა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ამოცანაა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ბოლო პერიოდში სს „ბანკი ქართუს“-თან მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ: საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ჩრდილელს, რომელიც ასევე „ბანკი ქართუს“ პრეზიდენტი იყო, გადადგომა მოუწია, როგორც კი ივანიშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა ის ხელისუფლების „აგენტობაში“.  ჩრდილელის შემდეგ თანამდებობები ასევე დატოვეს ბანკის კიდევ რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა.

„გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს სს. „ბანკ ქართუში“ მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის [სისხლის სამართლის კოდექსის] 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დეტალებს არ შეიცავს.

18 ოქტომბერს „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა, რომელსაც საქართველოს ბანკიდან ნაღდი ფული მიჰქონდა, პოლიციამ გააჩერა; პოლიციის მიერ 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 ევრო მლნ ევრო იქნა ჩამორთმეული, ხოლო „ბანკი ქართუს“ ექვსი თანამშრომელი დაკავებული.  მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ áƒ“აკავებულები გაათავისუფლეს. შსს–მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით; თუმცა, დეტალებზე სამინისტროს არ უსაუბრია.

„ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ადგილზე, დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს „ბანკ ქართუში“ შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია“, – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

"ბანკი ქართუს" ახალმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ის შემოწმების წინააღმდეგი არ არის. თუმცა მან ასევე გამოთქვა სინანული ეროვნული ბანკის დუმილთან დაკავშირებით „ბანკი ქართუს“  საინკასაციო ჯგუფზე პოლიციის მხრიდან განხორციელებულ „ვანდალურ აქტზე“.

“ცოტათი მაოცებს, რომ გუშინდელი, არ შემეშინდება, რომ ვთქვა ვანდალური აქტი, ეროვნული ბანკის რეაქციის გარეშე დარჩა და რეაქცია ასეთი იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვამოწმოს თურმე. თუმცა ახლა ამის საწინააღმდეგო არც არაფერი შეიძლება მქონოდა მე და არ მაქვს, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნებოდი, როგორც ქართველი და როგორც ბანკირი, რომ ჯერ ეროვნულ ბანკს გაეკეთებინა ძალიან მკაცრი განცხადება და აღეკვეთა ის უკანონობა, რაც მისი შვილის, ამ შემთხვევაში კომერციული ბანკის მისამართით სამართალდამცავებმა გუშინ ჩაიდინეს“, – განაცხადა 19 ოქტომბერს ნოდარ ჯავახიშვილმა, რომელმაც ოპოზიციური ეროვნული ფორუმი მას შემდეგ დატოვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისი ბანკის მართვა შესთავაზა.

Civil.Ge © 2001-2024