"ქართუ ბანკისთვის“ გაუგებარია საბანკო ოპერაციის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Oct.'11 / 16:43

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუ“ გუშინ პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია სალაროს გამაგრების საბანკო ოპერაციის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება.

18 ოქტომბერს „ქართუ ბანკის“ ინკასაციის მანქანა, რომელსაც „საქართველოს ბანკიდან“ ნაღდი ფული მიჰქონდა, პოლიციამ გააჩერა; პოლიციის მიერ 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო, ასევე  კუთვნილი VOLKSWAGEN-ის ტიპის საინკასაციო ბრონირებული მანქანა იქნა ჩამორთმეული, ხოლო „ქართუ ბანკის“ ექვსი თანამშრომელი და მათი თანმხლები დაცვის პოლიციის თანამშრომელი  დაკავებული.  მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს.

შსს–მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით – ეს არგუმენტი და „ბანკი ქართუ“–ს ხელმძღვანელობის შეცვლის ფაქტი დაასახელა ეროვნულმა ბანკმა 19 ოქტომბერს თავის ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში ბანკის საქმიანობის შესწავლის დაწყების მოტივაციად.

“ქართუ ბანკი“ დღეს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ მან გუშინ „სალაროს გამაგრების მიზნით“,  „საქართველოს ბანკთან“ გააფორმა ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება 2 მილიონ აშშ დოლარზე და 1 მლნ ევროზე ამ ორ ბანკს შორის „სახაზინო ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ“ არსებული გენერალური ხელშეკრულების  ფარგლებში.

“საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194–ე მუხლის  მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
სს „ბანკი ქართუს“ ადმინისტრაციისათვის  გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვალოს საბანკო პრაქტიკაში ასე ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაცია ფულის გათეთრებად“, – ნათქვამია „ბანკი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024