ივანიშვილმა დიპლომატებს განუცხადა: 'ჩემი მიზანია ხელისუფლების არჩევნების გზით ჩანაცვლება'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Oct.'11 / 17:49

მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის ფართო შემადგენლობასთან 20 ოქტომბერს გამართულ პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია ხელისუფლების ჩანაცვლება „მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით“.

მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის შესახებ მისი განცხადების და მასზე „მთავრობის რეაქციის“ გამო „ტემპერატურა საზოგადოებაში ძალიან მაღალია“.

“ჩემი მიზანია მაქსიმალურად ტემპერატურის დაწევა, დარეგულირება, რომ არ მოხდეს არცერთ შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა და როგორმე, ჩემი მიზანია და ჩემი გუნდის მიზანია, ყველა ძალა ვიხმაროთ, ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ყველაფერი დარჩეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება“, – განუცხადა მან დიპლომატებს საკუთარ ბიზნეს–ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო შეხვედრისას.

“მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მადლიერი ვარ მისი თანადგომით, რაც დღემდე ხორციელდებოდა,“– განაცხადა მან და თან აშშ–ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს გადახედა.

“ასევე მადლიერი ვარ ევროპის და მომავალშიც ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გავაღრმავოთ ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა“, – განაგრძო მან, „კარგად ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელი იქნება და მყისიერად დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას“.

ივანიშვილის შეფასებით, ამჟამად საქართველოში პოლიტიკურად და ეკონომიკურად „კრიზისული სიტუაციაა“.

Civil.Ge © 2001-2019