ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, 27 ოქტომბრიდან შედგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'11 / 16:59

27 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილი მზად არის ქართული მედიისთვის თავის ბიზნეს–ცენტრში გამართოს პრესკონეფერენცია, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ან რომელიმე ნაციონალური არხი უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით მის ტრანსლირებას, განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ 21 ოქტომბერს.

ანალოგიური შეთავაზება ბიძინა ივანიშვილმა 13 ოქტომბერსაც გააკეთა ნაციონალური მაუწყებლების მისამართით, რაზეც მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ არხებმა „უარი განაცხადეს“, თუმცა ამის მიუხედავად „საინფორმაციო სივრცე მაინც გაიხსნა და საზოგადოებამ მისთვის სასურველი ინფორმაციის ნაწილი მიიღო“.

19 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუები მისცა სააგენტო „როიტერს“ და ქართველ ჟურნალისტს ია ანთაძეს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამოთქვა მზადყოფნა „უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი“, თუ „მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.”

21 ოქტომბერს ივანიშვილის პრესსამდივნო აცხადებს, რომ ამ შესაძლო პრესკონფერენციის ტექნიკურ დეტალებსა და ჟურნალისტების აკრედიტაციაზე მოლაპარაკებები 24 ოქტომბრიდან დაიწყება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცნობილი გახდება ამ ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი.

Civil.Ge © 2001-2024