„ბანკი ქართუ“ ნაღდი ფულის ჩამორთმევას პოლიტიკურ ანგარიშწორებად აფასებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Oct.'11 / 14:31

"ბანკ ქართუს", რომელიც მეექვსე უმსხვილესი ბანკია საქართველოში მოქმედ 19 კომერციულ ბანკს შორის, მთლიანად ბიძინა ივანიშვილი ფლობს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge.

მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ბანკი ქართუ“–მ განაცხადა პარასკევს, რომ მისთვის პოლიციის მიერ ფულის გათეთრების ბრალდებით დიდი ოდენობის ნაღდი ფულის ჩამორთმევა პოლიტიკურადაა მოტივირებული და ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების „პოლიტიკური ანგარიშწორების“ ნაწილია.

18 ოქტომბერს „ბანკი ქართუს“ ინკასაციის მანქანა, რომელსაც "საქართველოს ბანკიდან" ნაღდი ფული გაჰქონდა, პოლიციამ გააჩერა; პოლიციის მიერ 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 ევრო მლნ ევრო და ინკასაციის მანქანა იქნა ჩამორთმეული. შსს–მ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.

ამ საქმესთან დაკავშირებით მეორე წერილობით განცხადებაში „ბანკი ქართუ“–მ 21 ოქტომბერს გაიმეორა, რომ ეს იყო „ბანკის სალაროს გამაგრების მიზნით გადასაზიდი ბანკის კუთვნილი ფულადი სახსრები“. ბანკის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო „ბანკი ქართუ“–ს კლიენტების მხრიდან „მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ნაღდ ვალუტაზე“, რაც გამოწვეული იყო საბანკო ანგარიშებიდან და განსაკუთრებით ანაბრებიდან თანხების გადინებასთან.  

„ბანკის კლიენტების მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით ს.ს. „ბანკი ქართუ“–ს და სს „საქართველოს ბანკი“–ს შორის 2011 წლის 18 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების სახაზინო ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ ფარგლებში დაიდო ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

„გარიგებების თანახმად ს.ს. “ბანკი ქართუ“–მ თავის საკორესპონდენტო ანგარიშიდან Deutsche Bank Trust Company Americas-ში (ნიუ–იორკი, აშშ) გადარიცხა 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი Citibank International-ში (ნიუ–იორკი, აშშ) გახსნილ ს.ს. „საქართველოს ბანკის" áƒáƒœáƒ’არიშზე, ხოლო 1 000 000 (ერთი მილიონი) ევრო თავისი საკოპესპონდენტო ანგარიშიდან Commerzbank-ში (ფრანქფურტი, გერმანია) გადარიცხვა ამავე ბანკში გახსნილ ს.ს. „საქართველოს ბანკის" ანგარიშზე. ამ ტრანსაქციების სანაცვლოდ ს.ს „ბანკი ქართუ“–ს თავისი სალაროს გამაგრების მიზნით ნაღდი ფულის სახით უნდა მიეღო ს.ს. „საქართველოს ბანკში“ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი და 1 000 000 (ერთი მილიონი) ევრო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ს.ს. „ბანკი ქართუ“–სთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით ან რა ნიშნით შეიძლება მიჩნეულ იქნას საბანკო პრაქტიკაში ასე ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაციები ფულის გათეთრებად, მითუმეტეს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში ს.ს. „ბანკი ქართუ“–მ განახორციელა ორასამდე ანალოგიური გარიგება, რომელთა საერთო თანხა აღემატება რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს“, – განაცხადა ბანკმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც „ბანკი ქართუ“–ს შემოწმებას ახორციელებს, განაცხადა, რომ ტრანსაქცია საეჭვოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „ბანკი ქართუ“–მ დაარღვია უცხოურ ვალუტაში დიდი ოდენობის ნაღდი ფულის გატანის თაობაზე ეროვნული ბანკის წინასწარი ინფორმირების დიდი ხნის პრაქტიკა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ ასევე საეჭვოა ასეთი დიდი ოდენობის თანხის გატანის საჭიროების ახსნა იმით, რომ ბანკის ანაბრებიდან თანხების გადინება ხდება, რადგანაც ანაბრების წილი „ქართუ ბანკში“ შედარებით მცირეა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ფულის ჩამორთმევიდან ორ დღეში სალაროს გამაგრების ანალოგიური ოპერაცია „ბანკი ქართუ“–მ უპრობლემოდ განახორციელა, ეროვნული ბანკის წინასწარ შეტყობინების შემდეგ. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ უკანასკნელი ოპერაციის ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 18 ოქტომბერს და ამ ბოლო შემთხვევაში ნაღდი ფული პირდაპირ ეროვნული ბანკის სალაროდან იქნა გატანილი.

Civil.Ge © 2001-2024