ივანიშვილის პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 1 ნოემბერს შედგება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'11 / 17:30

ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 1 ნოემბრის 16 საათზე დაიწყება და  მისი ბიზნეს–ცენტრიდან ტრანსლირება 30–40 წუთის განმავლობაში "უწყვეტად" მოხდება, განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ 24 ოქტომბერს.

ამავე ცნობით, პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშუქების შესახებ შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას  და ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ხელმძღვანელს ირაკლი ტრიპოლსკის შორის შედგა.

„ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი პრესკონფერენციის მათივე ეთერში ანონსირება“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაგეგმილი პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშვებაზე თანხმობა 19 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუები მისცა სააგენტო „როიტერს“ და ქართველ ჟურნალისტს ია ანთაძეს. მანამდე მაუწყებელი აცხადებდა, რომ მზად იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მის არხზე არსებულ რომელიმე პოლიტიკური თოქ–შოუს პირდაპირ ეთერში ემასპინძლა.

 

Civil.Ge © 2001-2024