შსს: ‘ოკულტური მინერალები და ლიტერატურა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'11 / 18:36

ის „ოკულტური მინერალები და ლიტერატურა“, რომელიც ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს ვალერი ლევინს 22 ოქტომბერს თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას მისი დაკავების დროს ჩამოართვეს, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, „ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს“ და ისინი ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდა, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ლევინი რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციამ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა, თუმცა ექსპერტიზაზე გაიგზავნა მინერალური ქვები, რომლის მიმართაც, ივანიშვილის ადვოკატს პოლიციაში განუცხადეს, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებები შემოჰქონდა.

საუბარია მინერალურ ქვებზე, რომლებიც ყოველკვირეულ ჟურნალს „ქვების ენერგიას“ მოჰყვება და რომელიც, ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, განკუთვნილი იყო მილიარდერი ბიზნესმენის ქალიშვილისთვის, 14 წლის გვანცასთვის, რომელიც „უკვე რამდენიმე წელია აგროვებს და მის პირად კოლექციაში ათეულობით მსგავსი ქვა არის“.

24 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ აღნიშნა, რომ ლევინის თბილისში ჩამოსვლის ძირითადი მიზანი იყო იმ დოკუმენტაციის ჩამოტანა, რომელიც საჭიროა მილიარდერი ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პრცედურებისთვის, რაც უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. 

„დოკუმენტაციასთან ერთად ლევინს საქართველოში ჟურნალი „ქვების ენერგია“ მოჰქონდა. ჟურნალის რეალიზება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორციელდება და მისი საბაზრო ფასი ქართულ ვალუტაში, დაახლოებით, 10 ლარს შეადგენს,“– ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.

“24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვალერი ლევინს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას, აღმოაჩნდა უჩვეულო მინერალები და ბეჭდური მასალა. ლევინის განცხადებით, მოცემული მინერალები და ლიტერატურა ოკულტური დანიშნულების იყო და მომავლის განჭვრეტისათვის გამოიყენებოდა,“– ნათქვამია დღის ბოლოს შსს–ის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ასევე „ოკულტური მინერალების“ ამსახველი ფოტო–მასალა.

 

Civil.Ge © 2001-2024