საქართველო ვმო–ზე შვეიცარიის წინადადებას დათანხმდა, რუსეთს პასუხისთვის დრო სჭირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'11 / 19:04

ქართული მხარის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა ხუთშაბათს, რომ თბილისი დათანხმდა შვეიცარიელი შუამავლების მიერ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე.

რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა ვმო–ს საკითხებზე, მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს რამდენიმე დღე დასჭირდება, რათა საკუთარი პოზიცია მოამზადოს შვეიცარიის წინადადებაზე. „ჩვენ პასუხის გაცემას მომავალ კვირას შევძლებთ“, – იტყობინება „იტარ–ტასსი“ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე ჟენევაში 25 ოქტომბერს რუსეთთან მოსალაპარაკებლად „ახალი წინადადებით“ ჩავიდა.

„ეს წინადადება ისევ ითვალისწინებს ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგს და მონაცემთა გაცვლის ელექტრონულ სისტემას. სხვაობა მხოლოდ საერთაშორისო მონიტორინგის ფორმაშია“, – განუცხადა კაპანაძემ Civil.ge-ს ტელეფონით ჟენევიდან ხუთშაბათს საღამოს. მან არ დააკონკრეტა დეტალები, თუ ზუსტად რა შეიცვალა ქართული მხარის წინადადებაში.

მისი თქმით, შვეიცარიელმა შუამავლებმა „კომპრომისული წინადადება“ 26 ოქტომბერს წარმოადგინეს, რომელზეც საქართველო დათანხმდა.

კაპანაძის განცხადებით, ეს კომპრომისული წინადადება კვლავ გულისხმობს ორ მთავარ კომპონენტს, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია სადავო საზღვრებზე გამჭირვალე ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის – ეს არის საერთაშორისო მონიტორინგი და მონაცემთა ელექტრონული გაცვლა.

მისი თქმით, წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, რათა შენარჩუნდეს სტატუსის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ამ ეტაპზე მან უარი თქვა „სავაჭრო დერეფნების“ ზუსტ ადგილმდებარეობაზე დეტალები გაემჟღავნებინა.

კაპანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას, რაც მის ვმო–ში გაწევრიანებას áƒ£áƒ–რუნველყოფს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 27 ოქტომბერს ტელეფონით შვეიცარიის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი–რეის ესაუბრა, სადაც საქართველოსთან ვმო–ზე  მოლაპარაკებების საკითხი განიხილა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე პრეს–რელიზში.

ასევე 27 ოქტომბერს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ სტეფან იოჰანესონმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი თავის დასკვნით ოფიციალურ სხდომას 10–11 áƒœáƒáƒ”მბერს გამართავს, რათა დაასრულოს ეს პროცესი.

ვმო–ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ.

ელჩმა სტეფან იოჰანესონმა აცნობა სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ სამუშაო ჯგუფის არაფორმალური შეხვედრა 7–8 ნოემბერს გაიმართება, რათა მოხდეს მომზადება დასკვნითი ფორმალური შეხვედრისთვის, სადაც, სავარაუდოდ, ყველა დარჩენილი უთანხმოება მოგვარდება.

თუმცა, საქართველო აცხადებს, რომ მას შეუძლია დაბლოკოს სამუშაო ჯგუფის ფორმალური შეხვედრა, თუ რუსეთთან შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ვერანაირი შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული.

Civil.Ge © 2001-2024