ეროვნული ბანკი და „ბანკი ქართუ“ ურთიერთბრალდებებით გამოდიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Nov.'11 / 17:49

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა „ბანკმა ქართუმ“ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ბანკი ქართუს“ შემოწმების პროცესში „მიზანმიმართულად ფერხდება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ადგილზე მუშაობა“, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და იმ „პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის“ ნაწილია, რომლის მიზანიც არის რაიმე საბაბის შექმნა „ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შემოსაყვანად“.

ეროვნული ბანკი, რომელმაც 19 ოქტომბერს „ბანკი ქართუს“ შემოწმების პროცესი მენეჯმენტის გამოცვლისა და ფულის გათეთრების მოტივით პოლიციის ოპერაციის შედეგად ბანკის კუთვნილი 2 მლნ დოლარისა და 1 მლნ ევროს დაყადაღების შემდეგ დაიწყო, 1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში მისი მისამართით „ბანკი ქართუს“ მიერ „უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადებების“ კეთებაზე მიუთითებს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭომ „არაერთგზის მიმართვის მიუხედავად“, არ უზრუნველყო შემოწმების ჯგუფისათვის შემოწმებისათვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, რაც „კიდევ უფრო ართულებს და აჭიანურებს შემოწმების პროცესს“.

“ბანკი ქართუ“ 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ „ეროვნული ბანკის შემმოწმებლებმა მოითხოვეს დეტალური პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი და თანხა) ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე, რომელთაც გუშინ გამოხატეს უპირველეს ყოვლისა ბანკისადმი მორალური მხარდაჭერა და გახსნეს ანგარიშები ჩვენს ბანკში“.

1 ნოემბერს პოეტმა დავით მაღრაძემ „ბანკი ქართუსადმი“ სოლიდარობის მიზნით წამოიწყო კამპანია და ბანკში საკუთარი ანგარიშის გახსნით საზოგადოებას მისი მაგალითის გაზიარებისკენ მოუწოდა.

“ბანკი ქართუს“ განცხადებით, ბანკიდან ანაბრების გადინების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა ბანკი ასევე აცხადებს, რომ ამის მიუხედავად ის ამ ეტაპზე ეროვნული ბანკისაგან ფინანსურ დახმარებას არ საჭიროებს – ეროვნულმა ბანკმა ასეთი დახმარების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხა.

“სს „ბანკი ქართუ“–ს ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გამოთქვამს მზადყოფნას  კონსტრუქციულად, ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრულ შესაბამისობაში ითანამშრომლოს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, მათ შორის შემმოწმებელთა ჯგუფისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმის შექმნით, რასაც აქამდეც შეუფერხებლად ახორციელებდა,“ – განაცხადა 2 ნოემბერს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭომ.

Civil.Ge © 2001-2024