მედვედევი ვმო–ზე მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Nov.'11 / 12:23

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 3 ნოემბერს, რომ რუსეთი მზად არის შვეიცარიის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი „კომპრომისული იდეა“ მიიღოს.
 
კითხვაზე, თუ რა პირობებს დათანხმდა რუსეთი, კერძოდ ვაჭრობის მონიტორინგის კუთხით, მედვედევმა უპასუხა ჟურნალისტებს კანში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში: „ეს ტექნოლოგიური საკითხებია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ რაც უკვე თქვა ჩვენმა წარმომადგენელმა, მედვედკოვმა, მე, მედვედევი, სრულიად ვადასტურებ“.

ამ დღეებში რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი დათანხმდა შვეიცარიის წინადადებას, რომელიც ქართულმა მხარემ გასულ კვირას მიიღო.

კითხვაზე ნიშნავდა, თუ არა მისი პასუხი იმას, რომ რუსეთი დათანხმდა შვეიცარიის წინადადებაზე, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ზოგიერთი კომპრომისული წინადადება, რომლებიც ცოტა ხნის წინ შვეიცარიის მონაწილეობით შემუშავდა“.     

Civil.Ge © 2001-2024