ევროკავშირი ვმო–ზე რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Nov.'11 / 12:43

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა 3 ნოემბერს, რომ ევროკავშირი მიესალმება „განცხადებას, რომ მიღწეულია შეთანხმება“ თბილისსა და მოსკოვს შორის ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე.

„ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი დადებითად აფასებს იმ მოქნილობას, რომელიც საქართველომ და რუსეთმა გამოიჩინეს ძალიან რთულ საკითხზე კომპრომისის მოსაძებნად და მოუწოდებს ორივე მხარეს გადალახონ უკანასკნელი ტექნიკური სირთულეები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“, – ნათქვამია ბაროზოს განცხადებაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანება „ყველასთვის სასარგებლო იქნება“.

„ჩვენ ასევე განვაგრძობთ ჩვენს მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის და ეკონომიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის მიზნით“, – განაცხადა ბაროზომ.

ევროკავშირს ჯერ არ არ გაუკეთებია განცხადება იმის თაობაზე, თუ როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე. საქართველოს ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყებოდა.

ევროკავშირი ასევე მიესალმა „შვეიცარიის რთულ სამუშაოს, სიმტკიცეს და კრეატიულობას მხარეებს შორის შუამავლობის პროცესში“.  

„ევროკავშირი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს შეთანხმების განხორციელებაში, თუ ამას მხარეები სთხოვენ“, – განაცხადა ბაროზომ. 

„ახლა ევროკავშირის სურვილია იხილოს, როგორ დასრულდება რუსეთის გაწევრიანება ვმო–ში 15–17 დეკემბერს ჟენევაში ვმო–ს მინისტერიალის სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის შედეგად“, – დასძინა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024