ნატოს გენერალური მდივანი მიესალმა რუსეთ–საქართველოს შეთანხმებას ვმო–ზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Nov.'11 / 19:37

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთთან ვმო–ზე მოლაპარაკებებში გამოხატული „პრაგმატიზმი“ საქართველოს მიმართ "ჩვენ ნდობას ამყარებს“.  

„ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს რუსეთთან ვმო–ზე შეთანხმების მიღწევა მივულოცო“, – განაცხადა რასმუსენმა თბილისში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე 9 ნოემბერს ქართული მხარის წარმომადგენელმა ვმო–ზე მოლაპარაკებებში განაცხადა, რომ თბილისმა და მოსკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ორმხრივი მოლაპარაკებები ვმო–ზე დასრულდა.

„ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა“, – განაცხადა რასმუსენმა. „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა გააფართოვებს თავისუფალ ვაჭრობას ჩვენი მიზნის შესაბამისად, რომ რუსეთი კონსტრუქციულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით არსებულ თანამშრომლობაში ჩავრთოთ“.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა მან.

„მივესალმები საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს მათი კონსტრუქციული მიდგომის გამო, რამაც შეთანხმება შესაძლებელი გახადა. ეს პრაგმატიზმი ამყარებს ჩვენს ნდობას საქართველოს მიმართ“, – დასძინა რასმუსენმა.

Civil.Ge © 2001-2024