ბაიდენი: ვმო–ზე შეთანხმება ‘ისტორიული ნაბიჯია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'11 / 14:03

აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 ნოემბერს სატელეფონო საუბარში ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე ჟენევაში გაფორმებული შეთანხმება მიულოცა, როგორც „ისტორიული ნაბიჯი“, რომელსაც აქვს პოტენციალი áƒ“აეხმაროს áƒ áƒ”გიონში დაძაბულობის შემცირებას.

“ვიცე–პრეზიდენტმა ბაიდენმა შეაქო პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მოლაპარაკებებში მისი ლიდერობის გამო და შეთანხმებას  ისტორიული ნაბიჯი უწოდა, რომელსაც აქვს პოტენციალი გაზარდოს ეკონომიკური კავშირები ორივე ქვეყნის მოსახლეობას შორის და დაეხმაროს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

ამავე ცნობით, ეს შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებს ნერგავს, „სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს“.

“პირველად, საქართველოს ექნება სრული გამჭირვალობა რუსეთიდან ვაჭრობაზე, მათ შორის ვაჭრობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მათი გავლით. ორივე მხარეს ექნება წვდომა დავის მოგვარების მიუკერძოებელ მექანიზმზე უთანხმოებების წარმოშობის შემთხვევაში“, – ნათქვამია პრეს–რელიზში, „ვიცე– პრეზიდენტმა განუცხადა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ შეერთებული შტატები მზადაა ამ შეთანხმების სრულად შესრულების მხარდასაჭერად“.

ბაიდენმა და სააკაშვილმა ასევე განიხილეს აშშ–სა და საქართველოს „ახლო კავშირები“ და „ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების საერთო  მიზნების მისაღწევად“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება: „ჯოზეფ ბაიდენმა [ვმო–ზე] პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია“.

„ვიცე-პრეზიდენტმა  დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ნატოს საბჭოს თბილისში გამართვას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო უწოდა“, – აცხადებს სააკაშვილის ადმინისტრაცია. 

 

Civil.Ge © 2001-2024