სააკაშვილი: ‘ჩვენ ერთი გრამი არ დაგვითმია’ ვმო–ზე და ‘ბოლოს მივიღეთ ის, რაც გვინდოდა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'11 / 20:43

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის მისაცემად საქართველოს „ერთი გრამი არ დაუთმია არაფერი“ და მიიღო საზღვრებზე ვაჭრობის ერთიანი მონიტორინგის რეჟიმი  – „ის, რაც გვინდოდა“.

10 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს მარტიდან მიმდინარე მოლაპარაკებების მთელ ამ პროცესში არცერთხელ არ გახსენებია საქართველოს სეპარატისული რეგიონები.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა ამ მოლაპარაკებებში, რაც შეიძლება აქამდე არ განხილულა – არცერთხელ ამ მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის არცერთ წარმომადგენელს, მაგრამ ეს შეიძლება ეწყინოთ ვიღაც–ვიღაცებს, მაგრამ მინდა ცივი წყალი დავალევინო და გადავასხა, ერთხელ არ გახსენებიათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მათ მიერ წოდებული ‘დამოუკიდებელი სახელმწიფოები’. ერთხელ არ ამოფარებიან ზურგს უკან სოხუმში ჩამომჯდარ ე.წ. მთავრობას და ცხინვალში“, – განაცხადა სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

„ერთხელ არ ყოფილა ეს საკითხი წამოჭრილი“, – განაგრძო მან, „ე.ი. როცა რუსეთს სჭირდება ისე კარგად ავიწყდება ყველანაირი ეს ყალბი სიმბოლიზმები, რომელიც თვითონვე შექმნა და ისე კარგად მოდის მოლაპარაკებებზე, როცა ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ეს არის პრაგმატულად მათ ინტერესებში და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია კონსოლიდირებულად არის ასეთი“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა, „რია ნოვოსტის“ თანახმად, 10 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიღწეული შეთანხმება სეპარატისტული „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, სტატუსს არ ლახავს“. მან განაცხადა, რომ რუსეთის ყველა ყველა ამოცანა, რომელიც მას მოლაპარაკებების პროცესში ჰქონდა, „რეალიზებულია“ და დასძინა, რომ ამ შეთანხმების გაფორმება „საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ის ფორმატი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და ტერიტორიულ საკითხებს გადაუწყვეტდა. 

“ეს არის სუფთა ტექნიკური, სავაჭრო რეჟიმებზე დამყარებული ორგანიზაცია, მაგრამ ამ ფარგლებში, რაც შეგვეძლო მიგვეღო ყველაფერი მივიღეთ, ახლა გადავალთ სხვა ფორმატებზე და იქაც ყველაფერს მივიღებთ და ასე გავაგრძელებთ მანამ – ასე დიპლომატიური, მშვიდობიანი დიალოგით, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა – სანამ ჩვენი მესაზღვრეები, ჩვენი მებაჟეები, ჩვენი  ხალხი არ დაბრუნდება სახლში და ჩვენი მებაჟეები არ დადგებიან აქედან ცოტა უფრო ჩრდილოეთით ფსოუზე და აქედან ცოტა უფრო ჩრდილო–აღმოსავლეთით, როკის გვირაბთან“, – განაცხადა მან რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბათუმში.

„ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ამას ჩვენ არც ვმალავთ და ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებს. როცა ყველა პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიოში აღიარებს, რომ ჩვენ ამის უფლება გვაქვს, ჩვენ ჩვენს უფლებებს მშვიდობიანად, მაგრამ ბოლომდე გავიტანთ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული პროცესი და ძალიან სერიოზული ძალისხმევა“, – აღნიშნა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვმო–ზე რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება საქართველოს „დიპლომატიური გამარჯვებაა“, იმიტომ, რომ 90–იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებისა და  კონფლიქტების წარმოშობის შემდეგ, მისი თქმით,  საქართველოს საზღვრებზე ტვირთების გადაადგილებაზე საერთაშორისო მონიტორინგი პირველად ხორციელდება.

“ეს გუშინ ძალიან ზუსტად თქვა გენერალურმა მდივანმა: საერთაშორისო მონიტორინგი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს საქართველოს „პრინციპული პოზიციის“ შედეგად იქნა მიღწეული.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე პირველად განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ „იყო ასეთი ლაპარაკი“, არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც, რომ „უპირობოდ დავთანხმებოდით“ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას, რადგან ეს ყველას ინტერესებში შედიოდა – „ეს მართლაც ასეა, ეს შედის ყველას ინტერესებში და მათ შორის, სხვათა შორის, საქართველოს ინტერესებშიც“.

“მაგრამ სანამ არ მივიღეთ ის სიტუაცია რაც არ გვინდოდა, ჩვენ ამაზე არ წავედით და ბოლოს მივიღეთ ის, რაც გვინდოდა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს „ძალიან რთული დიპლომატიური მოლაპარაკებები“ აწარმოა. 

„ჩვენი დიპლომატები მუშაობდნენ მეორე მხარესთან, რომელიც არის ათასჯერ უფრო გამოცდილი, მათ შორის ხრიკებში და ყველანაირ დიპლომატიურ ტაქტიკაში, ბევრი ბერკეტით, მაგრამ ჩვენ ერთი გრამი არ დაგვითმია არაფერი – დიპლომატიაში კომპრომისი არის კარგი, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც ვერასოდეს ვერ დათმობ,“– განაცხადა სააკაშვილმა.

„და მიუხედავად შეძახილებისა: ‘დროზე, დროზე, დროზე’, ჩვენ არსად არ გვეჩქარებოდა სანამ არ მივიღეთ მთავარი პრინციპი – ეს არის ჩვენი საზღვრები, მათზე ვრცელდება ერთიანი რეჟიმი და ეს უნდა განახორციელონ საერთაშორისო დამკვირვებლებმა“, – აღნიშნა მან.

Civil.Ge © 2001-2024