ილია მეორე: ივანიშვილს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Nov.'11 / 09:26

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა აღუდგინოს მილიარდერ ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. 

„დღეს ბევრი ლაპარაკია იმის შესახებ ბიძინა ივანიშვილი იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს იმიტომ, რომ ის ქართველია. მე ვფიქრობ, რომ ყოველი ქართველი ადამიანი, ის დაბადებულია საქართველოში, თუ უცხოეთში, რომელიც სულით და ხორცით ქართველია, ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს. 

„მე ძალიან მაწუხებს, რომ ასეთი უბრალო საკითხია და გამოიწვია ასეთი არასასურველი კამათი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მიანიჭებს მას მოქალაქეობას“, – განაცხადა ილია მეორე.

ივანიშვილის მიერ 2005–2010 წლებში საქველმოქმედო საქმიანობაზე გამოყოფილი 1.49 მილიარდი ლარის, დაახლოებით, 2.5% ასობით ეკლესიის  და ფრესკების აღდგენას მოხმარდა. 38 მილიონი ლარიდან, რომელიც იმ პერიოდში 504 ასეთ პროექტზე გამოიყო, სულ ცოტა 10 მილიონი ლარი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას მოხმარდა. 

Civil.Ge © 2001-2024