ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Nov.'11 / 18:50

პრეზიდენტ სააკაშვილის 15 ნოემბრის ბრძანებულებით შეიქმნა 21–წევრიანი კომისია, რომელმაც áƒ›áƒáƒ›áƒ“ევნო  საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტება უნდა უზრუნველყოს 2012 წლის 1 ივლისამდე.

კომისიაში თანაბარი წარმომადგენლობით შედიან მმართველი პარტიის, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 7–7 წარმომადგენელი.

ნაციონალური მოძრაობიდან კომისიაში წარმოდგენილნი არიან: დავით ბედიაშვილი, დიანა ვართანოვი, სოფიკო კობახიძე, ლაშა მელაძე, მანონი ურუშაძე, თამილა ფერაძე და რამაზ ქერეჭაშვილი.

ასევე კომისიაში áƒ¨áƒ”მდეგი პარტიების წარმომადგენლები იმუშავებენ: ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ნოდარ მუსერიძე; საქართველოს ევროპელი დემოკრატებიდან ლევან გაბრიჩიძე; ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გიორგი გოგნიაშვილი; დემოკრატიული პარტიიდან – ნანა ციკოლია; ახალი მემარჯვენეებიდან – მამუკა კაციტაძე; მრეწველებიდან – ოთარ მენაბდე და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან მამუკა ხიმშიაშვილი – მხოლოდ ეს სამი უკანასკნელი პარტია არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, თუმცა ყველა მათგანია საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან áƒ˜áƒ› შეთანხმების ხელმომწერი, რომლის ერთ–ერთი დებულება სწორედ ასეთი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა.

არასამთავრობო სექტორიდან კომისიის წევრები გახდნენ: მიხეილ დევდარიანი, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა; კახა კახიშვილი, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; მანანა ბიწაძე-მიქელაძე, რეგისტრირებული კავშირი – თავისუფალი არჩევანი; ვლადიმერ ბოჟაძე, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო; გენადი კერძევაძე, დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება; და ბადრი ნიაური, დემოკრატიის ცენტრი.

არჩევნებზე დამკვირვებელმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – სამართლიანმა არჩევნებმა, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველომ áƒ£áƒáƒ áƒ˜ განაცხადეს კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე.

13 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მემარჯვენე მამუკა კაციტაძის კანდიდატურა მოიაზრება.

კომისია გადაწყვეტილებებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო რაოდენობის მესამედით მიიღებს. კანონის თანხმად, კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის სხვა საშუალებებთან ერთად ასევე იხელმძღვანელებს კარდაკარ გადამოწმების პრინციპით, ხოლო მის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია ამომრჩეველთა ერთიანი სია იქნება.

კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა კონკრეტულად რა თანხებია გათვალისწინებული მისი ფუნქციონირებისათვის ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ 11 ნოემბერს პარლამენტში საბიუჯეტო განხილვების დროს არ დაასახელა მას შემდეგ, რაც მას ამის შესახებ ოპოზიციიდან დეპუტატებმა ჰკითხეს. 

Civil.Ge © 2001-2024