სააკაშვილი პოლიტიკოსებზე, რომლებიც „მისტირიან ვასალის მდგომარეობას“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Nov.'11 / 20:00

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ქვეყანა დამოუკიდებლობისათვის „დიდ ბრძოლაში“ იმყოფება და „ნურავინ ნუ იტყვის, რომ საქართველომ წააგო რაიმე ომი“.

მართალია არ დაუსახელებია, თუმცა მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. „მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და სააკაშვილი, დაახლოებით, ასე გადმოგვცემს: ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ“, – განაცხადა ივანიშვილმა 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“საქართველო მანამდე იქნება წელში გამართული, მანამდე არ იქნება წაგებული, მანამდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის, სანამ ეს ჟინი გვაქვს, სანამ ხელები არ ჩამოგვიშვია, სანამ არ დავნებებულვართ, სანამ არ მოგვიწერია არაფერზე ხელი და სანამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გამთლიანდება,“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 16 ნოემბერს ყვარელში ახალი წყალსაცავის, რომელსაც „ილიას ტბა“ áƒ“აერქვა, გახსნის ცერემონიაზე. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძის ეპოქაში საქართველო არ იყო თავისუფალი და „აქ იდგნენ რუსი ჟანდარმები, რუსი სოლდატები, რუსი ჩაფრები ზუსტად ისე, როგორც დგანან დღეს აფხაზეთში და პატარა ქალაქ ცხინვალში“, „ილიას ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი“.

“მაშ რა ღმერთი გაუწყრათ დღევანდელ ქართველებს, რომელთაც აქვთ, ღმერთმა უბოძა –  თუნდაც არა მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივად, მაგრამ იურიდიულად მთელ ტერიტორიაზე – თავისუფალი სახელმწიფო და დღემდე მისტირიან მონობას, დღემდე მისტირიან ბატონ–ყმობას, დღემდე მისტირიან ვასალის მდგომარეობას, დღემდე უნდათ რომ ვიღაცის ქვეშ იყოს, ვიღაცის ერთი ადგილი ლოკონ, ბოდიში, ვიღაცის დაქვემდებარებაში იყვნენ, ვიღაცისგან მიიღოს ინსტრუქციები“, – განაცხადა მან რაიმეს დაკონკრეტების გარეშე.  

წინა კვირაში საპარლამენტო დებატების დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამჟამად საქართველოში ადგილი აქვს მცდელობას, რომ „კრემლის მიერ მართული“ ბიძინა ივანიშვილის გარშემო „ახალი პრორუსული ცენტრი“ შეიქმნას.

“შეიძლება შენ გრძნობდე, რომ შენი ქვეყანა შენ არ გაფასებს და არ ყავხარ ისეთ კვარცხლბეკზე, როგორც შენ დაიმსახურე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ შენი ქვეყანა შეგძულდეს და გაყიდო“, – განაცხადა სააკაშვილმა 16 ნოემბერს, “იქნებ მიზეზი  – და ამ პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ – საკუთარ თავშია, საკუთარ უუნარობაში, იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი საკუთარი თავით ტკბობას ბევრად უფრო მეტ დროს ანდომებს, ვიდრე საკუთარ ხალხზე ფიქრს. უმეტესობას, სამწუხაროდ, ბევრ მათგანს, საერთოდ არ აინტერესებს ის, რითი ცხოვრობს ყოველდღიურად ჩვენი ადამიანი და ამის გამო ხდება ეს“.

„და ეს არ არის საბაბი იმისათვის, რომ შენ ქვეყნის თავისუფლებაზე თქვა უარი, ეს არ არის საბაბი იმისათვის, გაიქცე და მტერს ჩაეხუტო და მტერს ჩაეკრა, ან მტერს ასიამოვნო და კუდი უქიცინო. იმიტომ, რომ არაფერი უფრო მაღალი არ არის, ვიდრე თავისუფლება“, – დასძინა სააკაშვილმა ღია ცის ქვეშ თავის სატელევიზიო გამოსვლაში ყვარელში. 

მისი áƒ—ქმით, ყველაფერი, რაც ქვეყანაში კეთდება, არის „თავისუფლების პირდაპირი შედეგი“.

მან მომავალი წელი კახეთის აღმშენებლობის წლად გამოაცხადა და იქვე დასძინა: „მე ხომ ვიცი რა არის კაპრიზიანი, შარიანი პრეზიდენტის მოთბენა, მაგრამ ამასობაში მგონი მსოფლიოში ყველაზე ჩქარა ვისწავლეთ ყველაფრის შენება – მოუთმენლობასაც და სულსწრაფობასაც აქვს თავისი დადებითი შედეგები. მთელ მსოფლიოს ამაშიც ვაძლევთ მაგალითებს“.

Civil.Ge © 2001-2024