ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 11 დეკემბერს გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Nov.'11 / 19:16

ოპოზიციონერი ქველმოქმედი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნება“ პრეზენტაცია 11 დეკემბერს ფილარმონიაში იგეგმება, თუმცა შესაძლო ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართოს, თუ მისი ადმინისტრაცია დათანხმდება მასპინძლობას, განაცხადა ივანიშვილის პრესსამდივნომ.

თავდაპირველად პრეზენტაცია 25 ნოემბრისთვის დაანონსდა, თუმცა, როგორც პრესსამდივნო აცხადებს, იგი გადაიდო ფართის დაქირავებასთან დაკავშირებით „ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობების“ გამო.

პრესსამდივნოს განცხადებით, მათ ფილარმონიის ადმინისტრაციისაგან დარბაზის გამოყოფის თაობაზე წერილობით თანხმობა 24 ნოემბერს მიიღეს, თუმცა გრძელდება 3 ნოემბრიდან დაწყებული მოლაპარაკებები სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთანაც, რომლისაგან პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული.

„სპორტის სასახლის გამოყოფას ჩვენ მაღალი საზოგადოებრივი áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”რესის გამო ვითხოვდით, რათა ყველა მსურველს ჰქონოდა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე დასწრების საშუალება“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში, „სპორტის სასახლის ადმინისტრაციის თანხმობის შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამ სპორტის სასახლეში გადაინაცვლოს... ფილარმონიის ადმინისტრაციას პირგასამტეხლოც გადავუხადოთ“.

პრესსამდივნო ასევე აცხადებს, რომ 11 დეკემბრისთვის, მათი ინფორმაციით, სპორტის სასახლეში არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის და „შესაბამისად არ არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ დარბაზის გამოყოფაზე უარი გვითხრას“.

„იმ შემთხვევაში თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სპორტის სასახლე მაინც უარს იტყვის, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, სამწუხაროდ, ყველა მსურველს დასწრების საშუალება არ მიეცემა, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024