ივანიშვილის სამოქალაქო მოძრაობა დარეგისტრირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Nov.'11 / 17:49

ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო მოძრაობა, ”ქართული ოცნება” იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ 28 ნოემბერს რეგისტრაციაში გაატარა.

მოძრაობის, რომლის სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, თავმჯდომარე თავად ივანიშვილია, რომელზეც რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ არის საფრანგეთის მოქალაქე.

ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის, ამონაწერში, ივანიშვილთან ერთად, მითითებულები არიან ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე 2004-2007 წლებში და ზაალ გოგსაძე, ”თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრი და საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში; სამივე ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

28 ნოემბერს, სანამ რეესტრი ორგანიზაციას დაარეგისტრირებდა, ივანიშვილის პრესსამდივნომ საჯარო რეესტრი რეგისტრაციის გაჭიანურებაში დაადანაშაულა. პრესსამდივნოს განცხადებით, რეესტრს რეგისტრაციის თხოვნით ჯერ კიდევ 24 ნოემბერს მიმართეს და ის თანხა გადაიხადეს, რაც რეგისტრაციის იმავე დღეს დასრულებას ითვალისწინებდა.  ივანიშვილის პრესსამდივნო აცხადებდა, რომ ”აშკარად სახეზეა ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციის, რაც პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.”

ამ განცხადების გავრცელებიდან, დაახლოებით, ერთ საათში, ივანიშვილის მოძრაობა რეგისტრაციაში გატარდა და შესაბამისი ამონაწერი რეესტრის ვებ-გვერდზეც განთავდა.

ივანიშვილის მოძრაობის პრეზენტაცია 11 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024