სააკაშვილი: ერთიან კავკასიას ალტერნატივა არ აქვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Nov.'11 / 16:28

სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 29 ნოემბერს, რომ ერთიან კავკასიას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენი კონცეფცია, რა თქმა უნდა, ეფუძნება ერთიანი კავკასიის კონცეფციას. მე დარწმუნებული ვართ, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს კავკასიაში, ეს თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ, რომლის მთავარი პრინციპია გათიშე და იბატონე“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„კავკასიის ყველა ქვეყნის, ყველა ხალხის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიანება, კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში, ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა“, – განაცხადა მან.

„ეს აუცილებლად განხორციელდება, ამას ალტერნატივა ჩვენი ხალხებისთვის, ჩვენი პატარა ქვეყნებისთვის ნამდვილად არ აქვს და ეს ეხება კავკასიის უკლებლივ ყველა ქვეყანას“, – განაგრძო სააკაშვილმა. „ის კონფლიქტები, რომელიც ხელოვნურად იყო თავზე მოხვეული ჩვენი ქვეყნებისთვის ადრე თუ გვიან გადაწყდება – მე ვფიქრობ, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც უფრო ნაკლები იქნება ჩარევა გარედან, მით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ ერთმანეთთან და მით უფრო ჩქარა შევძლებთ ინტეგრირებას საერთო ევროპულ სივრცეში“.  

შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი ასევე მიესალმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს იმ პერსონალურ წვლილის გამო, რომელიც მან ორ ქვეყანას შორის „უპრობლემო“ ორმხრივი ურთიერთობების დამყარებაში შეიტანა და მას „ძველი და საიმედო მეგობარი“ უწოდა.

მისი თქმით, საქართველოს და სომხეთს უახლოეს ისტორიაში არასდროს ჰქონიათ ისეთი კარგი ურთიერთობები, როგორც ახლა. 

„ეს ურთიერთობები არის სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ერთ–ერთი ყველაზე სამაგალითო ურთიერთობები, რაც შეიძლება იყოს მეზობლებს შორის საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს, მათ შორის საზღვრის გადაკვეთის „უკიდურესი გამარტივებით... შემოწმება იქნება ერთ პუნქტში... ერთჯერადად, უმეტეს შემთხვევაში მანქანიდან გადმოსვლის გარეშე“.

„ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე საზღვარი, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია–საფრანგეთის საზღვარი და ბევრი სხვა საზღვარი ევროპაში“, – დასძინა მან. 

პრეზიდენმა სარგსიანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში „დინამიურად ვითარდება“ ყველა სფეროში და ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მართალია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20%–ით გაიზარდა, მაგრამ ეს მაჩვენებლები კვლავ დაბალია და შემდგომი ზრდის პოტენციალი არსებობს.

"საქსტატის" ინფორმაციით, სომხეთსა და საქართველოს შორის áƒ¡áƒáƒ•áƒáƒ­áƒ áƒ ბრუნვამ 2011 წლის იანვარ–სექტემბერში 207.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს (124.4 მილიონი აშშ დოლარი) 2011 წლის იანვარ–სექტემბერში.

სომხეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახალი გზის მშენებლობა, რომელიც სომხეთიდან ბათუმის პორტამდე მანძილს შეამოკლებს, მნიშვნელოვანია ვაჭრობის და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

Civil.Ge © 2001-2024