ივანიშვილს „მაესტროს“ შესყიდვა არ სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Dec.'11 / 17:35

ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან áƒ¢áƒ”ლეკომპანია „მაესტროს“ შესყიდვის სურვილის თაობაზე გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს მისი პრესსამდივნო 6 დეკემბერს.

“ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნო აქვე განმარტავს, რომ ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას და მისი მიზანია "არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ ზოგადად თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა".

“ამ მიზნით აწარმოებდა და მომავალშიც გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან“, – აცხადებს მისი პრესსამდივნო.

“მაესტრო“ მფლობელებსა და მმართველ კომპანიას შორის 30 ნოემბერს დაწყებული დაპირისპირების შედეგად კვლავაც შეზღუდულ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას რადიო „მაესტროს“ შენობიდან.

ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მისმა მფლობელებმა ხელისუფლებას დაუკავშირეს, ამ დაპირისპირების მეორე მხარემ, მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა კი მასში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე მიანიშნა.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ამ კონფლიქტის წარმოშობის შემდეგ „მაესტროს“ ჟურნალისტების მიმართ საჯარო მხარდაჭერა გამოთქვა, ჯერ კიდევ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელსაყრელი პირობებით „მაესტროს“ დროებით შეძენის სურვილი ჰქონდა. თუმცა მაშინ მან ამ შეთავაზებაზე ტელეკომპანიის მფლობელებისგან უარი მიიღო. ეროსი კიწმარიშვილი კი მაშინ აცხადებდა, რომ  მზად იყო მისი მმართველი კომპანია ივანიშვილისთვის სიმბოლურ ფასად დაეთმო.

“მაესტროს“ ერთ–ერთმა თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი მას შემდეგ აღიარა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო ეროსი კიწმარიშვილმა გახადა, განაცხადა, რომ მან ივანიშვილთან არხის შესაძლო ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილა. თუმცა მან უარყო, რომ აქციების ივანიშვილისთვის მიყიდვას აპირებს.

Civil.Ge © 2001-2024