ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Dec.'11 / 20:31


ბიძინა ივანიშვილი მისი ხელმძღვანელობით დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოდის, 11 დეკემბერი, 2011 წელი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დაფუძნდა, სადაც მისმა ლიდერმა ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად ახალი მოძრაობის ძირითადი მიზნები გაახმოვანა.

“საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა რეალური გახდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე“, – განაცხადა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა.

“საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნებს რეგიონულ სტრუქტურებს, რომელთა „მთავარი დანიშნულება იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით მოხდეს იმ პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ განვითარების „ეფექტური მოდელებს“ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

იმ მიზნებს შორის, რომელიც „დღეიდან“ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მისაღწევი იქნება, ივანიშვილმა დაასახელა: ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც „წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი“; „აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება“; დასაქმება და „ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა“; სამართლიანობის დამკვიდრება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია არა „ევროპისაკენ სვლის იმიტაცია“, არამედ „დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია“.

„ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება“, – განაცხადა მან და დასძინა: „ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან“.

ხელისუფლება განვითარების ‘მთავარ ხელშემშლელ ძალად’ იქცა

გამოსვლის დიდი ნაწილი ივანიშვილმა არსებული ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის განვითარების „ხელშემშლელ ძალად“ იქცა.

“დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, რომლის მმართველიც, მის მიერ ჩადენილ შეცდომათა გამო, მიუღებელია საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო ლიმიტი და კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციამ „ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნდობა“ და მიზეზებს შორის დაასახელა, „გამეფებული ელიტარული კორუფცია“, ასევე ის, რომ „ადამიანის უფლებები პრაქტიკულად  ყველა სფეროში ირღვევა“, მედიის „დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული“; „ქვეყანაში დამკვიდრებულია ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის სრულ ლოიალობას და ხშირ შემთხვევაში სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან“.

მისი თქმით, ქვეყანას უდიდესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რისი „ესკალაციის არიდება“ შესაძლებელი იყო, თუმცა შედეგი არის ის, რომ საქართველოს „ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია“.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების უცვლელ „სტრატეგიად“ რჩება „რუსული საფრთხის პრევენციის“ პრინციპი და ამ „მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს“. „რუსეთის აგრესიასთან პერმანენტული ბრძოლის მიზეზითვე ამართლებენ 2011 წლის 26 მაისის  საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას“.

„ხელისუფლებისთვის ჩვენ ყველა, სხვაგვარად მოაზროვნეები ქვეყნის მტრები და მოღალატეები ვხდებით მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის ლიდერს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, გამჭირვალე საარჩევნო სიებს, თავისუფალ მედიას ან უბრალოდ ვიცავთ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს – უფლებებს, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამშობლო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში.  

ივანიშვილმა საგანგებოდ გააკრიტიკა ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის “თვითნებურად“  შემუშავების პრაქტიკის გამო და აღნიშნა, რომ „საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად“.

მან ხელისუფლება ასევე დაადანაშაულა „მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისა და შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობაში“.

“რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიათა და ეროვნებებს შორის“, – განაცხადა მან დაკონკრეტების გარეშე და აღნიშნა, რომ ეროვნულ უმცირესობებს სათანადო ყურადღება არ ექცევა და ისინი ხელისუფლებას მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება.

’გაუაზრებელ’ რეფორმებში ორი წარმატებული გამონაკლისი

ივანიშვილმა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების უმეტესობა გააკრიტიკა, როგორც „ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტები“.

„ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადოების მენტალიტეტია, თითქოს ქართული კულტურა ძნელად თავსებადია ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს“, – განაცხადა მან.

„სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქით არის“, – განაგრძო მან და დასძინა, რომ „ხალხი მზადაა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს“.

ივანიშვილმა ამ პოსტულატის დამადასტურებლად ხელისუფლების მიერ გატარებული ორი წარმატებული რეფორმა დაასახელა: განათლების სისტემაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება და პოლიციის რეფორმა.

12 ოქტომბერს გაკეთებული წერილობითი განცხადების მსგავსად, სადაც მან შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „გამართული სისტემის“ შექმნის გამო შეაქო, ორი თვის თავზეც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ღონისძიებაზე პოლიცია áƒ›áƒáƒœ კვლავაც „კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლად“ მოიხსენია.

“ამ რეფორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა, იგი მიმდინარეობდა სწორედ რომ ქართული საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის ფონზე. დღეს საქართველოს პოლიციაში ათასობით ჩვენი თანამემამულე მუშაობს პროფესიული ღირსების შეგნებით. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას თან მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და რაც მთავარია, სამართალდამცავი სისტემების დაუფარავი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინების იარაღად იყენებს – ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ბოლო გამომსვლელი იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ღონისძიებაზე, რომელსაც რამოდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა ფილარმონიის დარბაზის შიგნით და მის გარეთ, სადაც პრეზენტაციის მსლელობას მოქალაქები დიდი ეკრანის მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. ეს ღონისძიება ასევე პირდაპირ გადაიცემოდა "მაესტროსა" და კავკასიის" ეთერებით.

ფილარმონიის დარბაზში, ძირითადად, ცნობილი საზოგადოებრივი სახეები იყვნენ წარმოდგენილნი. წინამორბედი მთავრობის ზოგიერთ მაღალჩინოსანთან ერთად, პრეზენტაციას რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერიც ესწრებოდა, მათ შორის ივანიშვილის პარტნიორი პარტიების, რესპუბლიკელებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია თავიანთ თანაპარტიელებთან ერთად; ასევე მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე; პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გია მაისაშვილი.

არცერთი პოლიტიკოსი სიტყვით არ გამოსულა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ შეკრებას áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ეს პოეტმა რატი ამაღლობელმა, კავკასიური სახლის ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ, მწერალმა სოხუმიდან გურამ ოდიშარიამ და ფეხბურთელმა კახი კალაძემ.

“ეს ქვეყანა მარტო პოლიტიკოსების არ არის“, – განაცხადა კალაძემ თავის გამოსვლაში, „ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია იმისა, ჩემო მეგობრებო, რომ დადგეს საერთო სახალხო გამოღვიძების დრო. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი არჩევანის წინაშე დადგება... დროა ყველა ერთად დავდგეთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ფორმით ავისრულოთ ქართული ოცნება და გამოვხატოთ ჩვენი აზრი“.

კალაძემ, რომელიც 15 წლის განმავლობაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი და ასევე კაპიტანი იყო, თავისი გამოსვლის დასასრულს ეროვნული ნაკრების დატოვების თაობაზე განცხადება გააკეთა.

“ქართული ოცნების“ პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ გახსნა სიმღერით "ქართული ოცნება" და ის მისივე ახალი კლიპის ჩვენებით დაიხურა. ბერამ „ქართულ ხმებთან“ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, საქართველოს ჰიმნი შეასრულა, რა დროსაც მთელი დარბაზი ფეხზე ადგა.

Civil.Ge © 2001-2024