ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Dec.'11 / 13:36

ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც შესაძლოა „სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან“ ერთად საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდეს.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, კოალიცია მას შემდეგ შეიქმნება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდება.

ივანიშვილმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო არ აქვს უფლება შექმნას პარტია, 11 დეკემბერს დააფუძნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმის როლს შეასრულებს.

ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, შეთანხმება უკვე შედგა კონსერვატორების ლიდერთან ზვიად ძიძიგურთან და ხალხის პარტიის თავმჯდომარესთან კობა დავითაშვილთან, რომლებიც „მათი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, პიროვნულად მიიღებენ მონაწილეობას კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში“.

„შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებას სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან“, – აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო, თუმცა არ აკონკრეტებს პოტენციური პოლიტიკური მოკავშირეების ვინაობას.

პოლიტიკაში წასვლის შესახებ განაცხადის გაკეთების შემდეგ, თავის მეორე წერილობით განცხადებაში, 12 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის „ყველას უწვდის ხელს სათანამშრომლოდ“, თუმცა დაასახელა „ფსევდოოპოზიციური“ პარტიები, რომელთა ლიდერებთან და არა „ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან“, თანამშრომლობა გამორიცხა. ესენია: გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტები; დავით გამყრელიძის ახალი მემარჯვენეები; ეროვნულ–დემოკრატიულ პარტია; ქართულ პარტია; გია თორთლაძის დემოკრატიულ პარტია და პაატა დავითაიას ევროპელი დემოკრატები.

 

Civil.Ge © 2001-2024