საარჩევნო კოდექსის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'11 / 18:53

პარლამენტმა 20 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის პროექტი, რომელშიც მცირედი კორექტივებით პარლამენტის არსებული საარჩევნო სისტემაა შენარჩუნებული.

კანონპროექტზე თავისი დასკვნა ვენეციის კომისიამ 16–17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. მისი რეკომენდაციების ნაწილი ასახულია პროექტში, თუმცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და უთანაბრობა ოლქებს შორის კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა.

პროექტის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი აირჩევა, áƒáƒ›áƒŸáƒáƒ›áƒáƒ“ არსებული 75/75–ზე შეფარდების ნაცვლად. áƒ”ს ცვლილება პარლამენტმა 20 დეკემბერს კონსტიტუციაშიც შეიტანა პირველი მოსმენით.

ამასთან, მაჟორიტარად კენჭისყრა შეეძლებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც 5–კაციანი საინიციატივო ჯგუფები დაასახელებენ. მაჟორიტარად კენჭისყრა 2008 წლიდან მხოლოდ პარტიულ კანდიდატებს შეეძლოთ.

ასევე, კოდექსის პროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცემათ იმ პატიმრებს, რომლებსაც  ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული  –  დანაშაული, რომელზეც მაქსიმალურ სასჯელად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 5 წლის ვადით.

საარჩევნო კოდექსის პროექტში აღარ არის ამჟამად მოქმედი დებულება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის დაკომპლექტების წესიც უცვლელი რჩება, ამომრჩეველთა საერთო ოდენობა წინასწარ უნდა გამოექვეყნებინა. თუმცა პროექტში რჩება ვალდებულება, რომ ეს მონაცემი არჩევნების შემაჯამებელ ოქმში აისახოს.

პროექტი ასევე აღარ ითვალისწინებს საარჩევნო უბნებზე ვიდეო–თვალის დამონტაჟების საჭიროებას, თუმცა ნებას რთავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს აწარმოონ ფოტო და ვიდეო გადაღება (კენჭისყრის კაბინის გარდა).

პროექტის ახალი რეგულაციით, საარჩევნო კამპანიის ხარჯებს არეგულირებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი, რომელშიც შესაბამისი ცვლილებების შეტანას პარლამენტი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს. ამდენად, საარჩევნო კოდექსის პროექტიდან ამოღებულია დებულება, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პარტიათა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების უფლება ჰქონდათ. 

პროექტის ახალი დებულების თანახმად, ფასიანი სარეკლამო დროის ტარიფი საარჩევნო კამპანიის დროს ერთნაირი უნდა იყოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.

პროექტი აღარ ითვალისწინებს ამომრჩეველთა მარკირების პროცედურას. თუმცა როგორც კანონპროექტის ავტორმა მმართველი პარტიიდან, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ინიციატორები მზად არიან მარკირების წესი აღადგინონ.

მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ კოდექსში აისახოს ზოგიერთი ის რეკომენდაცია, რომელიც სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ შეიმუშავა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია კერძოდ რომელი წინადადების გაზიარება შეიძლება მოხდეს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ამ კოდექსის პროექტზე. ეს არ არის საბოლოო ვარიანტი“, – განაცხადა კუბლაშვილმა საკითხის განხილვისას.  

Civil.Ge © 2001-2024