ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობაზე სასამართლო საქმის არსებითი განხილვა დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Dec.'11 / 16:03

მოსამართლე 27 დეკემბერს 14 საათზე გამოაცხადებს განაჩენს საქმეზე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ივანიშვილის მხარემ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულება, რომლითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მოტივით შეუწყდათ, 21 ოქტომბერს გაასაჩივრა და მის ბათილად ცნობას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა, რასაც სამი სხდომა დაეთმო, 22 დეკემბერს მხარეთა პაექრობით დაასრულა.

მოსარჩელე მხარემ, რომელსაც ივანიშვილი–ხვედელიძის ხუთი ადვოკატი წარმოადგენდა (შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე და არჩილ კბილაშვილი), თავისი პოზიცია უმეტესად სამართლებრივ არგუმენტებზე ააგო, თუმცა ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ადვოკატ შალვა თადუმაძის მტკიცებით, სულ დარღვეულია ორმოცი მუხლი კონსტიტუციიდან, მოქალაქეობის შესახებ, ნორმატიული აქტების შესახებ კანონებიდან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან და პრეზიდენტის იმ ბრძანებულებებიდან, რომლებიც მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კერძოდ, დაეყრდნო რა იმ ძირითად არგუმენტს, რომ კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ პრეზიდენტი არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ასეთი პირებისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულება; მას ამის გაკეთება არ შეეძლო იმის გამოც, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცებით, პრეზიდენტი იყო დაინტერესებული პირი, რადგან პოლიტიკური ოპონენტის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მომზადებაც 24 საათში საქმის წარმოების წესებისა და პროცედურების უგულვებელყოფით მოხდა.

პროცედურების დარღვევაზე საუბრისას მოსარჩელე მხარე აპელირებდა იმაზე, რომ არ ყოფილა გამოთხოვილი სავალდებულო ინფორმაცია საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, რასაც შესაძლოა ამ საქმის დამაბრკოლებელი გარემოება გამოევლინა; საქმეში არ არსებობს წერილობითი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ სამოქალაქო რეესტრმა გადაამოწმა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი და მის მეუღლე საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ (სამოქალაქო რეესტრის თქმით, მათ ეს დადასტურება საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლისგან  ზეპირი სახით მიიღეს); და ასევე ივანიშვილს და მის მეუღლეს წინასწარ არ ეცნობათ მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოების შესახებ და áƒ˜áƒ¡, რომ საქართველოს მოქალაქეები აღარ იყვნენ, áƒ›áƒ”დიიდან áƒ’აიგეს.
 
მოპასუხე მხარის თქმით, სამოქალაქო რეესტრმა საქმის წარმოება 11 ოქტომბერს ერთ დღეში განახორციელა მას შემდეგ, რაც ივანიშვილის 7 ოქტომბრის წერილობითი განცხადებიდან, სადაც ის პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიის შექმნის გზით მოსვლაზე საუბრობდა, შეიტყო, რომ იგი საფრანგეთის მოქალაქეც იყო.

ამ განცხადებაში ივანიშვილი საუბრობდა, რომ აპირებდა რუსული და ფრანგული პასპორტების ჩაბარებას. ამავე წერილობით განცხადებაში საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, რომ მისი მეუღლე საფრანგეთის მოქალაქე იყო.

ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2010 წლის 30 მარტს მიიღო მას შემდეგ, რაც 2004 წლის 10 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას „სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ეკატერინე ხვედელიძეს კი 2004 წლის თებერვლიდან საფრანგეთის მოქალაქეობა უკვე გააჩნდა, როცა 2004 წლის 24 ივნისს მას და მის სამ შვილს პრეზიდენტმა ასევე საგამონაკლისო წესით მისცა საქართველოს მოქალაქეობა.

ივანიშვილი–ხვედელიძის ადვოკატების კითხვაზე იცოდა თუ არა პრეზიდენტმა იმ ფაქტის შესახებ, რომ ეკატერინე ხვედელიძის შემთხვევაში ფორმალური საბაბი არ არსებობდა იმისათვის, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტოდა „სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით“, პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ იცოდა, თუმცა მოგვიანებით, მომდევნო სხდომაზე შეცვალა ეს პასუხი და თქვა, რომ ეს ცნობილი იყო. 22 დეკემბრის სხდომაზე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა იგივე თემაზე ჩაკითხვის საპასუხოდ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, áƒ áƒáƒ› მას ამ საკითხზე უკვე დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია.

“სიჩქარეში და სულსწრაფობაში პროცედურებს და კანონს გადააბიჯეთ და ეს გარემოებები გვინმტკიცებს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძველად ედო პოლიტიკური მიზანი“, – მიმართა ეკა ბესელიამ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს სხდომაზე და აღნიშნა, რომ მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობა აღეკვეთად.

“ამ საქმეში პრეზიდენტი, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის ლიდერი, დაინტერესებული პირი იყო, რადგან იმ [პოლიტიკაში წასვლის შესახებ წერილობით] განცხადებაში, რომელზე დაყრდნობითაც ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა, ის აკრიტიკებდა და ოპოზიციურ აზრს გამოთქვამდა პრეზიდენტის პოლიტიკური კურსის მიმართ“, – განუცხადა სასამართლოს ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელი თინათინ სირაძე თავის საპასუხო საპაექრო გამოსვლაში მოწინააღმდეგე მხარის არცერთ არგუმენტს არ დაეთანხმა, როგორც „უსაფუძვლოს“ და „დაუსაბუთებელს“.

“პრეზიდენტის პირადი ინტერესის არსებობას გამოვრიცხავ“, – განაცხადა სირაძემ და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალი იყო კანონის მოთხოვნა, რომელიც ადგენს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას და „არ აკეთებს დათქმას“, რომ ეს ნორმა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭათ. 

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბძრანებულება პროცედურების სრული დაცვით გამოიცა და მათ კანონი არ აკისრებდა ვალდებულებას, რომ წინასწარ ეცნობებინათ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის, რომ მათ მოქალაქეობა უწყდებოდათ. მათი ინფორმირების შემთხვევაშიც კი „ვერ იქნებოდა აღნიშნულ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული“, – განუცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა სასამართლოს.

სირაძის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარემ ჩამოთვლილი ორმოცი მუხლის დარღვევა „ვერ დაადასტურა“ და მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილებას.  

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა, რომელიც საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილეობს, განაცხადა, რომ მის უწყებაში ერთ დღეში გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა არსებობს და ამ კუთხით ივანიშვილის ცნობადობა და მატერიალური მდგომარეობა ვერ გახდებოდა მის მიმართ სხვაგვარი მიდგომის საფუძველი. 

სამოქალაქო რეესტრმა იმ მოტივით, რომ ასეთი ფორმით ინფორმაცია არ მოეპოვებოდა, ვერ წარმოუდგინა სასამართლოს სტატისტიკა ან რაიმე პრეცედენტი, როცა 2004–2011 წლებში გამონაკლისი წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ პირებს იმის გამო, რომ მათ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. ამ ინფორმაციას ივანიშვილის მხარე ითხოვდა, რათა დაედგინა áƒ˜áƒ§áƒ თუ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის შემთხვევა „უნიკალური“.

ადვოკატმა შალვა თადუმაძემ 22 დეკემბერს თავის საბოლოო გამოსვლაში მოსამართლე შოთა გეწაძეს, შეახსენა  „დაბადებით და ღირებულებებით ქართველების“ ბიძინა ივანიშვილისა და მის მეუღლის წლების განმავლობაში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობა.

მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს, რომლის აცილებაც ივანიშვილის ადვოკატებმა „მიკერძოებულობის“ და „არაობიექტურობის“ მოტივით ორჯერ უშედეგოდ მოითხოვეს, განუცხადა, რომ მას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ ეკისრება გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ შორის „სასამართლოს იმიჯის გადარჩენის“ კონტექსტში.

“ვალდებული ხართ, რომ გააუქმოთ ეს ბრძანებულება“, – მიმართა თადუმაძემ 29 წლის მოსამართლეს, რომელიც იმავდროულად არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარე, „აქ შუალედი არ არსებობს – ან არის სასამართლო ობიექტური ან სახელმწიფო და მართლმსაჯულება არის კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ“.

Civil.Ge © 2001-2024