პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Dec.'11 / 20:50
  • მარკირება დარჩება;
  • ქალების არჩევნებში მონაწილეობა წახალისდება;
  • პარლამენტის წევრობისთვის 5–წლიანი საცხოვრებელი ცენზი გაუქმდა;
  • გუბერნატორებს და გამგებლებს აგიტაცია არ აეკრძალებათ;
  • ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის კომისიას ვადა უხანგრძლივდება;

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი, თუმცა მისი დებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი შემდგომი განხილვისთვის გადაიდო.

ამ დებულებებს, რომელთა შორისაა მედია მონიტორინგთან და წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებასთან, დავებთან და სანქციებთან დაკავშირებული თავები, ასევე დამოუკიდებელი მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული რეგულაციები, დეპუტატები, კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების წინ, მეორე მოსმენით განიხილავენ და მიიღებენ.

საარჩევნო კოდექსის პროექტში დაბრუნდა ის ნორმა, რომელიც ამომრჩეველთა მარკირებას ითვალისწინებს. ეს პროცედურა, რომელიც კოდექსის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო და მისი აღდგენა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოხდა, 2003 წლიდან მოქმედებს, როგორც ხმის მრავალჯერადი მიცემისაგან დამცავი მექანიზმი.

მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ითვალისწინებს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით უკვე შექმნილი კომისიისათვის უფლებამოსილების ვადის აგვისტომდე გახანგრძლივებას. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, რომ კომისიას სიები, რომელიც იქნება ერთიანი სია 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნებისთვის, ცესკოსთვის ივლისამდე უნდა წარედგინა.

სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას, პროექტის თანახმად, ასევე მიენიჭა უფლებამოსილება, რომ აგვისტოდან სიების ცესკოში გადაცემის შემდეგაც მას შეეძლოს გააკონტროლოს ის ცვლილებები, რომლებსაც ცესკო სიაში არჩევნებამდე არაუგვიანეს მე–14 დღისა შეიტანს. ცესკოს ვალდებულება ექნება, რომ სიებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ „დაუყოვნებლივ“ აცნობოს კომისიას.

საბიუჯეტო დაფინანსების მქონე კომისია დაკომპლექტებულია თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით ხელისუფლების, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების 21 წარმომადგენლით და მას ხელმძღვანელობს ახალი მემარჯვენეების წევრი მამუკა კაციტაძე. მეორე მოსმენით მიღებულ პროექტში ნათქვამია, რომ კომისია ნაცვლად თავდაპირველად კანონით განსაზღრული არანაკლებ 21 წევრისა, შედგება არანაკლებ 15 წევრისგან.

ამასთან, პროექტიდან კვლავაც ამოღებულია ის მუხლი, რომლითაც მოქმედი საარჩევნო კოდექსი ცესკოს არჩევნებამდე პერიოდში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრასა და მის გამოქვეყნებას ავალდებულებს. თუმცა ცესკო კვლავაც ვალდებული რჩება, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების შემაჯამებელ ოქმში მიუთითოს.

კანონპროექტში ასევე აისახება ვენეციის კომისიის ერთ–ერთი რეკომენდაცია, რომელიც ქალების წარმომადგენლობის გაზრდას ეხება პარლამენტში პარტიათა ფინანსური წახალისების გზით.

პროექტის თანახმად პუნქტი, რომელიც ზაფხულში მმართველ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეყრდნობა, ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიების  წარმომადგენლები საოლქო კომისიაში არჩევნების დღეს, ერთჯერადად 120 ლარით დაფინანსდებიან, ხოლო საუბნო კომისიაში წარმომადგენლები ერთჯერადად 60 ლარს მიიღებენ. ეს თანხები ადრე განსაზღრული იყო, შესაბამისად, 100 და 50 ლარით.

საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვისას მისმა ინიციატორმა მმართველი პარტიიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა არ გაიზიარა ოპოზიციის მოწოდებები, რომ ვენეციის კომისიის ერთ–ერთი რეკომენდაციის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა აკრძალვოდათ გუბერნატორებსა და გამგებლებს.

მან ასევე არ გაიზიარა გია ცაგარეიშვილის, „თავისუფალი დემოკრატებიდან“  ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდება, რომ არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულიყო საარჩევნო უბნიდან 50 მეტრის რადიუსში. აგიტაცია მხოლოდ უბნის შენობაში იკრძალება. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამოვლინდა შემთხვევები, როცა ოპოზიციისა და დამკვირვებლების განცხადებით, საარჩევნო უბნის უშუალო სიახლოვეს ადგილი ჰქონდა მმართველი პარტიის აგიტატორების აქტიურობას.

მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაუქმდა ის დებულება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრად შეიძლება არჩეული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 5 წლისა (მოქმედი კოდექსით ამ ცენზის სახით 10 წელია გათვალისწინებული). თუმცა ძალაში დარჩა დებულება, როცა კანდიდატად კენჭისყრა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც საქართველოში არჩევნებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს.

23 დეკემბერს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 114 ხმით 4–ის წინააღმდეგ დაამტკიცა ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის ახლებულ კონფიგურაციას (77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი,  75/75–ზე არსებული შეფარდების ნაცვლად) ითვალისწინებს და ასევე აწესებს ნორმას, რომლის მიხედვითაც 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.

ამ მანდატების გადანაწილების წესი საარჩევნო კოდექსის პროექტში აისახა. კერძოდ, თუ მანდატების გადანაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ადგილები, მას  პირველ რიგში მიიღებენ ის საარჩევნო სუბიექტები,  რომლებსაც 6-ზე ნაკლები საპარლამენტო მანდატი მიიღეს. თუ ამ შემთხვევაშიც ბარიერგადალახულ პარტიებს 6–ზე ნაკლები მანდატი ექნებათ, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.

კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო კამათს საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების არსებული წესის დატოვების თაობაზე. სამივე დონის კომისიაში ხელისუფლება 7 წევრით, ხოლო არასახელისუფლო პარტიები 6 წევრით არიან წარმოდგენილები.

ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ დეპუტატის, თამაზ დიასამიძის მოწოდებების საპასუხოდ, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციის სასარგებლოდ დაეთმო კომისიებში ადგილები, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დაკომპლექტების არსებული წესი არ შეიცვლება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო დამკვირვებლების დადებით შეფასებას კომისიების მუშაობის მიმართ.

იმავდროულად, პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებებს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ამომრჩეველთა სიების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე შედგენას და საარჩევნო ადმინისტრაციების ახლებური ფორმირების წესს მოიცავდა. როგორც გია ცაგარეიშვილმა განაცხადა,  „თავისუფალი დემოკრატების“ და სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „სამართლიანი არჩევნებისა“ და საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს áƒ›áƒ˜áƒ”რ მომზადებულ ამ წინადადებებს, პარლამენტში მხოლოდ 4 მომხრე აღმოაჩნდა, 78–ის წინააღმდეგ.

Civil.Ge © 2001-2024