ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Dec.'11 / 17:56

ოპოზიციონერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის, იტყობინება მისი პრესსამდივნო.

ამავე ცნობით,  მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ  ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის  ფედერაციის ინტერესების სექციიდან 26 დეკემბერს მიიღო, რომელსაც áƒáƒ› თხოვნით 17 ოქტომბერს მიმართა.

პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 7 ოქტომბერს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყოდა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა.

7 ოქტომბრის განცხადებაზე დაყრდნობით ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ივანიშვილი ამ ბრძანებულების ბათილად ცნობას სასამართლოსგან ითხოვს. საბოლოო განაჩენი ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 დეკემბერს გამოცხადდება.

თუ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ივანიშვილს ასევე შეუძლია ხელახლა მიმართოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. მას საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგამონაკლისო წესით "სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“ 2004 წელს მიანიჭა.

Civil.Ge © 2001-2024