ივანიშვილმა მოქალაქეობაზე სასამართლო პროცესი წააგო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'11 / 14:23

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებლება, რომლითაც მილიარდერ ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ იმავე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა.  

ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სასამართლოს áƒ›áƒ˜áƒ”რ ივანიშვილის მიმართ გამოტანილი áƒ’ადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. 
 
ივანიშვილს ასევე შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტს მიმართოს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთხელ უკვე მიანიჭა ივანიშვილს მოქალაქეობა 2004 წელს. 2004 წლიდან კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე „განსაკუთრებული დამსახურება“ აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს „სახელმწიფო ინტერესებიდან“.

2004 წელს პრეზიდენტისგან მოქალაქეობის მიღების დროს ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე იყო. 2010 წლის მარტში ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც მოგვიანებით, 19 თვის შემდეგ მისთვის ფორმალურად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი გახდა. 

7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ იგი საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა. 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ მან ივანიშვილის განცხადებიდან შეიტყო, რომ მილიარდერმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც მოქალაქეობის შესახებ კანონის 32–ე მუხლის დარღვევაა. ინფორმაცია ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის შესახებ სულ ცოტა 2011 წლის მარტიდან იყო ცნობილი.      

იმავე დღეს, 11 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის áƒ¨áƒ”წყვეტის თაობაზე – ეს ქმედება ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა დაგმეს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან ოპონენტის ჩამოშორებას ისახავს მიზნად.

ივანიშვილის შემთხვევა განსხვავდება მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შემთხვევისაგან. თუმცა ორივე მათგანი ერთად იქნა განხილული სასამართლოს მიერ გამომდინარე იქიდან, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ერთი ბრძანებულებით შეუწყდათ. სხვაობა იმაშია, რომ თუ ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიიღო, მისმა მეუღლემ მაშინ მიიღო მოქალაქეობა პრეზიდენტ სააკაშვილისგან, როდესაც ის უკვე იყო საფრანგეთის მოქალაქე, რითიც არ დარღვეულა მოქალაქეობის შესახებ კანონის 32–ე მუხლი. სწორედ ამ მუხლს  ასახელებს ხელისუფლება ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზად.

თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით, პრეზიდენტმა განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიანიჭოს თუ არა მას მოქალაქეობა.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

Civil.Ge © 2001-2024