ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ნატურალიზაციის გზით მოითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 14:55

ბიძინა ივანიშვილი ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით პრეზიდენტს უახლოეს ხანებში მიმართავს, განაცხადეს მისმა ადვოკატებმა.

იმავდროულად, 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ოფიციალურად მიმართა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს áƒ“ა საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი ჩააბარა.

“მე მივიღებ საქართველოს მოქალაქეობას და ამავდროულად ჩამომერთმევა საფრანგეთის პასპორტი,“– განუცხადა დღეს ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც მისმა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ Civil.ge-ს განუმარტა, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს მანამდე არ შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს. ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე 26 დეკემბერს შეუწყდა.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზით, კანონის თანახმად, შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდგეგ ოთხ პირობას: მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში;  “დადგენილ ფარგლებში” იცის სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; და საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

“ოთხივე ამ პირობას ბიძინა ივანიშვილი სრულად აკმაყოფილებს“, – განუცხადა Civil.ge-ს მისმა ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტმა განაცხადის შეტანიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისცეს თუ არა ივანიშვილს მოქალაქეობა.

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

ქუცნაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევანი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცედურის სასარგებლოდ გაკეთდა და „უარი ვთქვით“ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების გზაზე, როცა პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეიძლება მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე „განსაკუთრებული დამსახურება“ აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს „სახელმწიფო ინტერესებიდან“.

სწორედ „სახელმწიფო ინტერესებიდან“ გამომდინარე მიანიჭა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს 2004 წელს, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

პრეზიდენტის ამ აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში არ დააკმაყოფილა, თუმცა უკანონოდ ცნო მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მიმართ, რომელსაც ასევე შეუწყვიტა პრეზიდენტმა მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა.

ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით, ივანიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ გაასაჩივრებენ, რაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდებათ  საქალაქო სასამართლოსგან.

Civil.Ge © 2001-2024