აშშ–ის საელჩო ახალ საარჩევნო კოდექსსა და პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Dec.'11 / 17:16


ფოტო: ინტერპრესნიუსი

აშშ–ის საელჩომ საქართველოში 29 დეკემბერს გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც საუბარია საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან კანდიდატს“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ “ზუსტად ამ სულისკვეთებით“ აშშ–ის საელჩო ყურადღების გაეცნო მიმდინარე კვირაში მიღებულ კანონმდებლობას.

“მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური, თუ წარმოსახვითი უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, – აცხადებს საელჩო.

„გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

“დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა 2012 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიმსახუროს საყოველთაო ნდობა. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, – აცხადებს აშშ–ის საელჩო საქართველოში.

Civil.Ge © 2001-2024