ევროკავშირის ელჩი საარჩევნო კანონმდებლობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Dec.'11 / 12:55

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში და პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთმა დებულებამ შესაძლოა კამათი გამოიწვიოს და არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენოს.

„ვფიქრობ, რომ კარგი ამბავი ის არის, რომ ახალ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებში ასახული იქნა ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც ეხება ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ქალთა ჩართულობის გაზრდისა და საარჩევნო დღესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს,“ - áƒ’ანაცხადა ელჩმა დიმიტროვმა 30 დეკემბერს Civil.ge-სთვის გაკეთებულ მოკლე კომენტარში. 

„თუმცა, ამავე დროს, ჯერ კიდევ რჩება გარკვეული დებულებები, რომელთა იმპლემენტაციისას შეიძლება წარმოიქმნას კამათი და შესაბამისად, შეიქმნას საფუძველი არჩევნების სამართლიანობის ეჭვის ქვეშ დაყენებაზე და ეს არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა მან.

„აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ მთავრობა შეეცდება შეინარჩუნოს დიალოგი ყველა მოთამაშესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებაა იყვნენ კრიტიკულნი, მაგრამ მთავრობა ვალდებულია გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაარწმუნოს ხალხი, რომ საარჩევნო პროცესი არის სამართლიანი და შესაბამისად ინსტიტუტები არიან ლეგიტიმურნი“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.

Civil.Ge © 2001-2024