ავღანეთში მეთერთმეტე ქართველი სამხედრო დაიღუპა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Dec.'11 / 15:20

ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა, რამაც ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი თერთმეტამდე გაზარდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 დეკემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, სადაც მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის დაღუპვის გამო, არ არის მითითებული, თუ როდის მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა.

სამინისტროს ცნობით, დაღუპული ბესიკ ნინიაშვილი მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კი 2007 წლიდან ირიცხებოდა, რა დროსაც მიღებული აქვს მედალი საბრძოლო áƒ“ამსახურებისათვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისათვის და მედალი ”სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის".  

დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში. 

Civil.Ge © 2001-2024