Elbit Systems–ის თქმით, საქართველოსთან უთანხმოება მოგვარებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jan.'12 / 13:25

თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი ისრაელის კომპანიამ Elbit Systems Ltd. –მა, რომლისგანაც საქართველომ რამდენიმე წლის წინ უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეიძინა, განაცხადა, რომ საქართველოსთან არსებულ დავის მოგვარებაზე გარიგებას მიაღწია.

აპრილში, Elbit Systems Ltd.-მა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში, რადგან, 2007 წელს გაფორმებული რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარი ვერ მიიღო ქართული მხარისაგან.  

“გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას გადაუხდის, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს და ასევე დაუბრუნებს áƒ›áƒáƒ¡ გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს, რომელიც კომპანიამ ადრე მიაწოდა საქართველოს, თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა  Elbit Systems–მა თავის ვებ–გვერდზე 29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ ეს საკითხი მოგვარდა მისთვის ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე. 

როგორც ცნობილია, საქართველომ კომპანიისგან Hermes 450 ტიპის უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები შეისყიდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის აპრილში განაცხადა, საქართველოს ამ სახის, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ქონდა. მათგან სულ ცოტა სამი (თუმცა აფხაზური მხარის მტკიცებით სულ შვიდი) აფხაზეთის თავზე გაანადგურეს 2008 წლის მარტსა და მაისს შორის პერიოდში.

Civil.Ge © 2001-2024