სააკაშვილი: "ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jan.'12 / 16:17


სააკაშვილი გარდაბნის მაცხოვრებლებს მიესალმება, 5 იანვარი. ფოტო: პრეზიდენტის ვებ–გვერდი. 

საქართველო წინ მიიწევს და ვერავინ შეძლებს მის უკან დაბრუნებას, განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვარს მარნეულში, ახლად აშენებული საავადმყოფოს წინ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.

მოგვიანებით 5 იანვარს სააკაშვილი ასევე ეწვია ბოლნისს და გარდაბანს, სადაც ასევე მოინახულა ორი ახალი აშენებული საავადმყოფო. სააკაშვილი ბოლო რამოდენიმე კვირაა, რაც ინტენსიურად დადის რეგიონებში, რა დროსაც áƒ¡áƒ®áƒ•áƒáƒ“ასხვა რაიონში სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული ათზე მეტი ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა.

სააკაშვილმა მარნეულში ყოფნისას განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი საავადმყოფოების აშენების ჩათვლით წარმოადგენს ”თანასწორობის იდეის” სწორ განხორციელებას, რადგან ეს არღვევს ”მეორეხარისხოვანი” ქალაქების არსებობის სტერეოტიპს.

მისი თქმით, ასეთ საავადმყოფოებში „ადრე მკურნალობდნენ მარტო მილიარდელები და მილიონერები“.

„ჩვენ არ ვართ მილიარდელები და მილიონერები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და გვჭირდება საუკეთესო ჯანდაცვა,  ჩვენ გვჭირდება საუკეთესო განათლება და ჩვენ გვჭირდება უკეთესი ცხოვრება და ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ უკეთეს ცხოვრებას თქვენთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენი ყოველდღიური ჩვენი შრომა არის თქვენთვის. ყოველდღიურად მე იმას კი არ ვფიქრობ ვინ რას იტყვის ცხვირაწეული ან რომელიღაც  ცნობილი ადამიანი ჩემზე ან თუნდაც უცხოეთი რას იტყვის - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ავტორიტეტი აქვს სწორედ იმის გამო, რომ მთავრობა ფიქრობს ხალხზე, ემსახურება ხალხს, [მთავრობამ] მოსპო კორუფცია“, – განაცხადა მან.

„ამას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს და ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან. იმიტომ, რომ რამდენადაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი უკან მიტრიალება, საქართველოს საზოგადოება  – ეს არ არის ცხენი, რომელსაც ლაგამი უნდა ამოსდო და თავი მიატრიალებინო უკან. თუ ამას ვინმე მოინდომებს, იმ მხედარს ჩამოაგდებს ცხენიდან. ყველანი ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება, რომელიც მიდის წინ”, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მარნეულში საკაშვილი ასევე ესტუმრა  პოლიციის ახლადაშენებულ შენობას და დაათვალიერა იქვე მიმდინარე იუსტიციის სახლის მშენებლობა.

შეხედა რა იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას განთავსებულ აბრას, რომელზეც მშენებარე ობიექტის დასრულებული პროექტი იყო გამოსახული, სააკაშვილმა განაცხადა: „ვფიქრობდი ეხლა იმას რომ უყურებ, პოლიციის შენობას, ვანო მერაბიშვილი ხომ არ გადაგვეყვანა ქვეყნის მთავარ არქიტექტორად იმიტომ, რომ ძალიან მაგარ პოლიციას აშენებს სულ უფრო აუმჯობესებს, მაგრამ [ზურაბ] ადეიშვილი უფრო áƒ¨áƒ”ესაბამება მაგ წოდებას“.

მისი თქმით ასეთი შენობის არსებობა მარნეულში „სურეალისტურია”. ”ეს შევა მსოფლიო არქიტექტურის   ცნობარებში... მერე ებრძოლონ ჩვენ შუშის ხიდებს, შუშის შენობებს... აი ეს არის ახალი ეპოქა და ვერავინ ამას უკან ვეღარ შეაბრუნებს", – განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024