გორდონი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jan.'12 / 13:36

აშშ–ის მიდგომა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის მიმართ კვლავ განათლებაზე, წვრთნებზე და ქართული ჯარის ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მომზადებაზეა ფოკუსირებული, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა ვაშინგტონში 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე აპირებს, თუ არა აშშ–ის ადმინისტრაცია შეასრულოს 2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის ის დებულება, რომელიც თბილისთან სამხედრო თანამშრომლობის ”ნორმალიზაციისკენ” მოუწოდებს, მათ შორის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გზით, გორდონმა უპასუხა: „არა მგონია, რომ ეს ჩვენ მიდგომას დიდად ცვლიდეს“.

„უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვანწილად ფოკუსირებულია განათლებასა და წვრთნებზე და საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილზე ავღანეთში“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.  

„რაც შეეხება იარაღის მიყიდვას, ჩვენ ამ საკითხს ისე ვუდგებით, როგორც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ყველა საკითხი ინდივიდუალურ საფუძველზე განიხილება, რომლის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობას ყველა ამ მიმართულებით განვაგრძობთ“, - განაცხადა გორდონმა.

მას შემდეგ რაც 31 დეკემბერს პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა აშშ-ის 2012 წლის ავტორიზაციის აქტს, მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, თუ როგორ აპირებს ის ამ აქტის შესრულებას. ობამამ საქართველოსთან დაკავშირებული მუხლი, აქტის იმ ნაწილებს შორის მოიხსენია, რომელთა შესრულებას ის ”არასავალდებულოდ” ჩათვლის, თუ მათი განხორციელება კონფლიქტში მოვა მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებასთან. კერძოდ, ობამამ მოიყვანა ორი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება მიიჩნიოს მან ეს მუხლები - მათ შორის საქართველოს შესახებ - შესასრულებლად ”არასავალდებულოდ.” ერთი არგუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები, შესაძლოა, წარმოადგენდეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევას თავად განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ხოლო მეორე არგუმენტის თანახმად, ეს მუხლები შესაძლოა ისე იქნას წაკითხული, რომ გამოიწვიოს ”მგრძნობიარე სახის დიპლომატიური კომუნიკაციის და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო” ინფორმაციის გამჟღავნება.

ფილიპ გორდონის 9 იანვრის განცხადება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხზე შეესაბამება მის და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირების ადრინდელ áƒžáƒáƒ–იციას ამავე თემაზე.

როგორც აშშ–ის ოფიციალური პირების მიერ გასული სამი წლის მანძილზე გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ვაშინგტონი უფრო მეტად განათლებაზე და წვრთნაზეა ორიენტირებული, რათა ქართული შეიარაღებული ძალების უნარები გაზარდოს, სანამ მომავალში შეიარაღების მიყიდვის ეტაპზე გადავა. როგორც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის ერთ-ერთ კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამაშია ნათქვამი, რომელიც 2009 წლის დეკემბრით თარიღდება, ვაშინგტონმა აქცენტები შეცვალა და მნიშვნელოვანი რესურსები განათლებისკენ მიმართა. ტელეგრამაში ეს მიდგომა დახასიათებულია, როგორც „ჭკუა, ვიდრე უხეში ძალა“.

როგორც არაოფიციალურად, რასაც WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული არაერთი კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილი აჩვენებს, ისე საჯაროდ საქართველოს ოფიციალურ პირებს მრავალჯერ განუცხადებიათ, რომ თბილისს აშშ–ის ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა სურს. 2010 წლის თებერვლით დათარიღებულ ერთ საიდუმლო დიპლომატიურ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ეშინია რა რუსეთის შესაძლო ხელახალი áƒáƒ’რესიის, საქართველოს ხელისუფლება ”მეტისმეტად ფოკუსირებულია იარაღის შესყიდვაზე”.

9 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ფილიპ გორდონმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში და განაცხადა, რომ „საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ავღანეთის ოპერაციაში - პირველ თუ მეორე ადგილზე არიან“.

„მათ მსხვერპლიც განიცადეს ცოტა ხნის წინ. და ეს ხაზს უსვამს იმ რისკებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან ჩვენი საერთო საქმისთვის, იცავენ რა საერთო უსაფრთხოებას, და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას ამ კუთხით“, – განაცხადა გორდონმა.

წელს საქართველო აპირებს ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი ბატალიონი გააგზავნოს, რაც მას ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ISAF-ის ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს, გადაასწრებს რა აშშ-ს.

დამატებითი ბატალიონის გაგზავნით, რის შემდეგაც ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა, დაახლოებით, 1 685-მდე გაიზრდება, საქართველო ასევე გახდება ISAF-ის ოპერაციის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

Civil.Ge © 2001-2024