16.7 მილიონი ლარი ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Jan.'12 / 21:00

მილიარდერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა 28 ნოემბერს დარეგისტრირებულ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე 16.7 მილიონი ლარი გამოუყო.

მოძრაობის ფინანსური დეკლარაცია მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ის 10 იანვარს საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა. ორგანიზაციის  ფინანსური დეკლარაცია კონტროლის პალატის ვებ–გვერდზეც გამოქვეყნდა. დეკემბერში მიღებული პარტიების დაფინანსების ახალი საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, სწორედ კონტროლის პალატას მიენიჭა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის უფლებამოსილება.

გასულ კვირას კონტროლის პალატამ ივანიშვილის მოძრაობას სამი დღის ვადაში ფინანსური დეკლარაციის წარდგენა მოსთხოვა. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ მართალია „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტია არ არის, თუმცა მას აქვს „გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები“ და ამიტომ ფინანსური დეკლარაციის წარდგენა მოუწევს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ფინანსური დეკლარაციები 1 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.

9 იანვარს კონტროლის პალატისთვის გაგზავნილ წერილში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ იგი არ ეთანხმება კონტროლის პალატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მოძრაობას პოლიტიკური მიზნები აქვს გაცხადებული.

ივანიშვილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების ან დაფინანსების უფლება არ აქვს. თუმცა, მას აქვს უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მოძრაობის სახით. მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პარტიის შექმნამდე მისი პოლიტიკური საქმიანობის პლატფორმის როლს ასრულებს.

კონტროლის პალატისადმი გაგზავნილ წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც პარტიების დაფინანსების წესი გამკაცრდა, „ბუნდოვანია“ და არ აზუსტებს და არც განმარტავს, თუ რას ნიშნავს „პოლიტიკური მიზანი ან ამოცანა“ ან ვის მიერ უნდა დადგინდეს, რომ იურიდიულ პირს „პოლიტიკური მიზანი და ამოცანა“ აქვს.

ივანიშვილი ასევე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც გადაწყვიტა წარმოადგინოს კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რათა გააქარწყლოს ნებისმიერი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ორგანიზაცია შეიძლება რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებით იყოს დაკავებული, „როგორი უსამართლო და ანტიკონსტიტუციურიც არ უნდა იყოს თავად კანონის მოთხოვნები“. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ფინანსური დეკლარაციის ის ნაწილი გაუგზავნა კონტროლის პალატას, რომელიც 30 დეკემბრიდან –  საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების დღიდან – 9 იანვრამდე პერიოდს მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე ხარჯის ანგარიშგებას შეიცავს.

ფინანსური დეკლარაციის დიდი ნაწილი, რომელიც დეკემბრის თვეს მოიცავს, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა. კონტროლის პალატისადმი გაგზავნილ წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ იმ ფინანსური დეკლარაციის მოთხოვნა, რომელიც დეკემბრის ბოლოს ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე პერიოდს მოიცავს, საკანონმდებლო ცვლილებებისთვის უკუძალის მინიჭების ტოლფასია, რაც უკანონოა.

„ამის მიუხედავად, ისევ და ისევ ყოველგვარი ეჭვების გაქარწყლებისა და საზოგადოებისთვის ჩვენი ორგანიზაციის მაქსიმალური გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მზად ვართ ჩვენს ვებსაიტზე განვათავსოთ და, ამდენად, ყველასთვის, მათ შორის საქართველოს კონტროლის პალატისთვის, თვალსაჩინო გავხადოთ ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნებიდან 2011 წლის 30 დეკემბრამდე არსებული ფინანსური ინფორმაცია“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

კონტროლის პალატაში პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ განაცხადა 10 იანვარს, რომ რაღაც მიზეზების გამო „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა სრული ფინანსური დეკლარაციის წარდგენაზე და კონტროლის პალატას „ალტერნატიული წყაროებიდან“ მოუწია დოკუმენტის მოპოვება, რაც შემდეგ კონტროლის პალატის ვებ–გვერდზე განთავსდა.

ფინანსური დეკლარაცია ხარჯების დეტალურ ჩამონათვალს შეიცავს იმაზე, თუ როგორ დახარჯა მოძრაობამ საკუთარი ფინანსები დეკემბერში. დოკუმენტის თანახმად, ფინანსების ნაწილი ტელეკომპანიებში „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“ სატელევიზიო რეკლამის შეძენას და მოძრაობის პრეზენტაციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას მოხმარდა.

დოკუმენტის თანახმად, მოძრაობამ ტელეკომპანია „კავკასიას“ დაახლოებით 177 900 ლარი გადაუხადა. ტელეკომპანია „კავკასიის“ თქმით, ამ თანხის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ სამთვიანი სარეკლამო კონტრაქტის ნაწილია. ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ტელეკომპანია „მაესტრომ“ 195 600 ლარი მიიღო.

ამავე დეკლარაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ გორში მდებარე ტელეკომპანია „თრიალეთს“ 10 000 ლარი გადაუხადა 11 დეკემბერს მოძრაობის პრეზენტაციის გასაშუქებლად საეთერო დროის გამოყოფისთვის. „ქართულ ოცნებას“ სარეკლამო კონტრაქტები ჰქონდა თბილისში მდებარე რადიო „პალიტრასთან“ (31 400 ლარის ოდენობის) და ლაგოდეხში მდებარე რადიო „ჰერეთთან“ (83 261 ლარის ოდენობის). მოძრაობას 54 150 ლარის ღირებულების სარეკლამო კონტრაქტი ჰქონდა ჩოხატაურში მდებარე გაზეთ „გურია ნიუსთან“. შედარებით მცირე სარეკლამო კონტრაქტი ჰქონდა მოძრაობას გაზეთ „რეზონანსთან“ (2 400 ლარის ოდენობის), ხოლო გაზეთ „24 საათს“ მან 297 ლარი გადაუხადა რეკლამის სახით განცხადების გამოქვეყნებისთვის.

Civil.Ge © 2001-2024