ივანიშვილის მეუღლე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'12 / 18:01
  • ივანიშვილმა მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე განაცხადი შეიტანა.


ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ღონისძიების შემდეგ, თბილისი, 2011 წლის 11 დეკემბერი. ფოტო: ინტერპრესნიუსი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის გაგზავნილ მიმართვაში მილიარდერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვს, რაც მას პოლიტიკური პარტიის შექმნაში მონაწილეობის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას მისცემს.

27 დეკემბერს გამოცხადებული განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ იმავე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა. 

ამჟამად, მოსალოდნელია, რომ მხარეებმა სასამართლო გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ.

მოსამართლისადმი გაგზავნილ მიმართვაში ხვედელიძე აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი საკასაციო სასამართლოში გასაჩივრდება, მთელ ამ პროცესს შესაძლოა წელიწადზე მეტი დასჭირდეს. ამ შემთხვევაში, აცხადებს ხვედელიძე, თუ მთელი ამ ხნის პერიოდში იგი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩება, მას ჩამოერთმევა áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ£áƒ áƒ˜ უფლება, რომ შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებში. ამის გამო, ხვედელიძე სთხოვს მოსამართლეს სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყონებლივ გადასცეს აღსასრულებლად, რაც მას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საშუალებას მისცემს.

ჯერ–ჯერობით უცნობია აპირებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ხვედელიძის მოქალაქეობას ეხება. ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სასამართლომ თავისი 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებს 10 იანვარს გადასცა და თუ რომელიმე მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გადაწყვეტს ზემდგომ ინსტანციაში, მათ ეს მომდევნო 14 დღის ვადაში უნდა გააკეთონ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა დეკემბერში, რომ ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა უკანონო იყო და მოუწოდა პრეზიდენტს არ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.

იმავდროულად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ნატურალიზაციის გზით აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. მისმა ერთ–ერთმა ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა დღეს, რომ ივანიშვილმა შესაბამისი განაცხადით ხელისუფლებას 5 იანვარს მიმართა.

მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, ხელისუფლებამ მაქსიმუმ სამი თვის ვადაში უნდა უპასუხოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადს.

საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ივანიშვილს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, უფლება არ აქვს შექმნას ან დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. თუმცა, მან განაცხადა ადრე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უარს იტყვის მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე, ეს ვერ შეაჩერებს მის პოლიტიკურ საქმიანობას. ნოემბერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის ნომინალური ლიდერი შესაძლოა მისი 19 წლის ვაჟი გახდეს, რაც დაეხმარება მას თავიდან აიცილოს ყველა სამართლებრივი დაბრკოლება. áƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒ›áƒ“ებლობა საარჩევნო ასაკის მქონე áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას შექმნას პარტია, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა პირს შეუძლია მხოლოდ 25 წლის ასაკიდან.  

 

Civil.Ge © 2001-2024