სააკაშვილი: „ჩვენ აღმშენებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ“
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Jan.'12 / 20:56

პრეზიდენტმა სააკაშვილმა „აღორძინების“ და რეფორმების თვალსაზრისით დღევანდელი საქართველო დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს შეადარა, რომელმაც მე–12 საუკუნეში საქართველო გააერთიანა.

„ჩვენი აღმშენებლობის კურსი არის შეუქცევადი“, – განაცხადა მან 11 იანვარს, „ჩვენი თავისუფლების კურსი არის შეუქცევადი. იმ გზაზე ვდგავართ, რომელიც აუცილებლად გაამთლიანებს ქვეყანას იმიტომ, რომ იმპერია აუცილებლად დაემხობა, არ არსებობს, რომ არ დაემხოს“. 

მისი თქმით, საქართველო „ახლა ისეთივე  ეტაპზეა, როგორიც იყო დავით აღმაშენებლის დროს“.

„და მას [დავით აღმაშენებელს] 34 წელიწადი დასჭირდა თბილისის დასაბრუნებლად. ის, რაც არის მაშინდელი თბილისი, არის დღევანდელი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. მაგრამ მე მინდა გვახსოვდეს, რომ მანამდე, სანამ მან დაიბრუნა საქართველოს დედაქალაქი, მან გაატარა ძალიან ბევრი რეფორმები. მან ააშენა ძალიან ბევრი რაღაცა იქ, სადაც საქართველოს აკონტროლებდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„არც ერთ პერიოდში დავითის და თამარის ეპოქის შემდეგ ერთად აღებულ პერიოდში არ აშენებულა საქართველოში იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო ორი, სამი, ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით [2008 წლის აგვისტოს] ომის შემდეგ“, – განაგრძო მან, „მე არ ვიცი სხვა ქვეყანა ჩვენ რეგიონში, სადაც ასეთი ტემპით შენდება, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყნებს კი არ უნდა შევედაროთ მარტო, ჩვენ უნდა შევედაროთ ჩვენს ისტორიას. ჩვენ მართლაც ვცხოვრობთ დღეს აღმშენებლობის ეპოქაში და ეს ეპოქა არ არის მმართველის შექმნილი. მე გეტყვით პირველი, რომ ეს ასე არ არის. ამას ყველანი ჩვენ ერთად ვაკეთებთ“.

სააკაშვილმა ეს განცხადება გორში ახლადგახსნილი საავადმყოფოს წინ შეკრებილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.    

სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული ახალი საავადმყოფოების გახსნა რაიონებში და შემდეგ ადგილობრივების წინაშე სიტყვით გამოსვლამ ბოლო დროს კამპანიური სახე მიიღო, რომლის დროსაც სააკაშვილი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და გამუდმებით აცხადებს, რომ გარკვეული ძალების მცდელობების მიუხედავად, შეუძლებელი იქნება საქართველოს წარსულში დაბრუნება. კერძოდ, მას ვარდების რევოლუციამდელი პერიოდი აქვს მხედველობაში.

11 იანვარს სააკაშვილმა განაცხადა გორში, რომ საქართველოში არის ხალხი, „ვისაც ჩვენი დაბრუნება უნდა [წარსულში] და მათ შორის რუსული ფულით“.

„მე მეგონა ის ხალხი, რომელიც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, ჩემი მეხსიერებიდან ის ხალხი  გამქრალია, მოვიშორე, გავწიე გვერდზე.  ეხლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველა ერთად შეკრიბა, ცოტათი დაბერებულან კიდევაც, ცოტათი გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ. კიდევ უფრო გაბოროტებულან, აბა ისე როგორ, ამდენი წელია უყურებენ, რომ ქვეყანა წინ მიდის, ქვეყნის საქმეები მაინც წინ მიდის და მათი საქმეები სულ უფრო უკან მიდის და ეხლა ყველა ერთად შეიკრიბა, ‘მოდი ეხლა დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ. იქნებ კართაგენი დაეცეს და იქნებ ჩვენი დრო ისევ დადგეს’. ეგ ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა  თავიდან ერთხელ და სამუდამოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ვერასდროს ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან მხოლოდ ბრუნდებიან ფილმებში. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ვამპირები, პოლიტიკური წარსულის მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან, სანამ საქართველო მიდის წინ და სანამ თავისუფლების პირობებში ვაშენებთ, ვაკეთებთ, ვქმნით ნელ–ნელა, ეტაპობრივად“, – განაცხადა მან. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა გორში, ქალაქში, რომელმაც ცხინვალთან ერთად ყველაზე მეტად იზარალა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, რომ რუსეთი „გიჟს გავს“, რადგანაც საქართველო არა მარტო გადარჩა, არამედ განვითარდა აგვისტოს ომის შემდეგ.

„შეხედეთ ომიდან ოთხი წელიც არ გასულა, სად არიან ისინი [რუსეთი] და სად ვართ ჩვენ. ნახეთ რა ხდება მათ დედაქალაქში, ნახეთ როგორია მათი ეკონომიკური ზრდა, ამდენი ნავთი და გაზი აქვთ, მთელი მსოფლიო ინფრასტრუქტურა  მათ წისქვილზე ასხავს წყალს. ძვირდება საწვავი, უამრავი კონფლიქტებია და მიუხედავად ამისა, ყოველი მეოთხე იქიდან აპირებს გაქცევას. მიუხედვადა ამისა საქართველო, რომელიც მათ გამოაცხადეს ოფიციალურად გარდაცვლილად და პოლიტიკურ ცხედრად მეც და მთლიანად ქვეყანა, ეს საქართველო დგება ფეხზე და დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, შუა აზიაში, კავკასიის ქვეყნებში დღეს ხალხი ოცნებობს არა რუსეთზე, რუსულ მოდელზე, ოცნებობს იმაზე, რაც არის საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ის ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, საქართველოს სახავს მათთვის როგორც მისაბაძ მაგალითს. და ამაზე უფრო მეტი დამცირება რა შეიძლება იყოს იმისა, ვისაც ეგონა, რომ ჩვენ დამთავრებული ვიყავით?“ განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024