საგარეო საქმეთა სამინისტრო: ‘რუსეთი დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jan.'12 / 12:36

რუსეთი „დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს“ წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და áƒ“აგმო რუსეთის გეგმები, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში თავის ყოველწლიურ სამხედრო სწავლებებში სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩართვას ეხება.

რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა დეკემბერში, რომ „კავკასია 2012“–ში „დიდი რაოდენობით სამხედროები“ არ მიიღებდნენ მონაწილეობას და ძირითადად, „ტაქტიკური დონის შენაერთებზე“ მოხდებოდა ფოკუსირება.

საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასსი“  10 იანვარს  რუსეთის გენერალური შტაბის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში „კავკასია 2012“–ში მონაწილეობისთვის მოწვეული იქნებიან ოფიცრები და მცირე სამხედრო შენაერთები სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ამავე ინფორმაციის თანახმად, ოფიცრები სამეთაურეო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც კომპიუტერული მოდელირების მეთოდით განხორციელდება მართვის ახალი ავტომატიზირებული სისტემის დახმარებით. „მსხვილმასშტაბიანი მანევრები არ ჩატარდება... მხოლოდ სამი სახელმწიფოს მცირე სამხედრო კონტინგენტები იქნებიან ჩართული“, – იტყობინება „იტარ–ტასსი“ წყაროზე დაყრდნობით.           
  
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 16 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ რუსეთის დაგეგმილი სწავლებები, სეპარატისტული რეგიონების სამხედროების მონაწილეობით მოსკოვის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას და საქართველოსა და მთელ შავი ზღვის რეგიონში პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას ემსახურება.  

„რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

Civil.Ge © 2001-2025