ივანიშვილის საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jan.'12 / 16:06

მილიარდერმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბიძინა áƒ˜áƒ•áƒáƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თედო ჯაფარიძე თავისი საგარეო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელად დაასახელა. ეს ერთ–ერთი იმ დარგობრივი სამუშაო ჯგუფთაგანია, რომელსაც ივანიშვილი ბოლო დროს სხვადასხვა áƒ¡áƒ¤áƒ”როებზე სამუშაოდ ქმნის, დაწყებული ეკონომიკიდან და დამთავრებული კულტურით.

ბოლო დრომდე თედო ჯაფარიძე, რომელიც 2002 წლამდე 7 წელზე მეტი საქართველოს ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან თანამშრომლობდა. ექს–პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციაში მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ მან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. მას ეს პოსტი 4 თვით, 2004 წლის მარტამდე ეკავა.

2007 წლიდან ის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან არსებული „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის” (ICBSS) გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. თუმცა 2010 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო უწყებამ მის ამ პოსტზე დატოვების მიმართ მხარდაჭერაზე უარი განაცხადა, ხოლო 2011 წლის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას დიპლომატიური პასპორტიც ჩამოართვა, რასაც თავად საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა „პოლიტიკურ-დიპლომატიური ვენდეტა“ უწოდა იმ კრიტიკული მოსაზრებების გამო, რომელსაც ის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატავდა.

„მე გადაწყვეტილი მაქვს ოპოზიციის რიგებს შევუერთდე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილს, ახალ სახეს საქართველოს დანაღმულ პოლიტიკურ ველზე, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით“, – წერს ჯაფარიძე 20 იანვარს openDemocracy-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

23 იანვარს თედო ჯაფარიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მის საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს „ექნება რამდენიმე მიმართულება, ეს არის ურთიერთობა ევრო–ატლანტიკურ სივრცესთან, საერთოდ, ხოლო კონკრეტულად ევროპასთან, აშშ–სთან, ევროკავშირთან, ნატოსთან; ცალკე მიმართულება იქნება ჩვენი უახლოესი სამეზობლო – თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი“.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმის გაგებას, თუ სად ვართ და რა პერსექტივა გაგვაჩნია, როდესაც საუბარია რუსეთთან ურთიერთობაზე... მე მაინც მგონია, რომ ვინაიდან ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვაგებთ რეალიზმზე, პრაგმატიზმზე და ადექვატურად აღქმაზე არსებული სიტუაციის, ჩვენ უნდა გამოვნახოთ რაღაც გზები, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობები გარკვეულწილად დარეგულირდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
   

Civil.Ge © 2001-2024